თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომელიც ითვალისწინებს 10%-დან 41%-მდე სავაჭრო ტარიფების დაწესებას, 69 ქვეყნიდან იმპორტირებულ საქონელზე.

ყველა ქვეყნისთვის ახალი გადასახადები შვიდი დღის შემდეგ ამოქმედდება, თუმცა კანადისთვის შეზღუდვები დაუყოვნებლივ შევა ძალაში.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ ტარიფების მიზანია სავაჭრო დეფიციტის შემცირება.

ყველაზე მაღალი ტარიფები დაუწესდა სირიას – 41%, ლაოსსა და მიანმარს – 40%, თუმცა ეს ქვეყნები აშშ-ის იმპორტის ძალიან მცირე ნაწილს წარმოადგენენ. 

ასევე, კანადისთვის ტარიფები 25%-დან 35%-მდე გაიზარდა. კანადამ და შეერთებულმა შტატებმა სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. ტრანზიტული საქონელი დაიბეგრება 40%-ით.

ტარიფების სრული სია ასე გამოიყურება:

  • 10% – ბრაზილია, ფოლკლენდის კუნძულები, დიდი ბრიტანეთი და ყველა სხვა ქვეყანა, რომელიც არ არის ჩამოთვლილი;
  • 15% – ავღანეთი, ანგოლა, ბოლივია, ბოტსვანა, კამერუნი, ჩადი, კოსტა-რიკა, კოტ-დ’ივუარი, კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა, ეკვადორი, ეკვატორული გვინეა, ფიჯი, განა, გაიანა, ისლანდია, ისრაელი, იაპონია, იორდანია, ლესოთო, ლიხტენშტაინი, მადაგასკარი, მალავი, მავრიკი, მოზამბიკი, ნამიბია, ნაურუ, ახალი ზელანდია, ნიგერია, ჩრდილოეთ მაკედონია, ნორვეგია, პაპუა-ახალი გვინეა, სამხრეთ კორეა, ტრინიდადი და ტობაგო, თურქეთი, უგანდა, ვანუატუ, ვენესუელა, ზამბია, ზიმბაბვე;
  • 18% – ნიკარაგუა;
  • 19% – კამბოჯა, ინდონეზია, მალაიზია, პაკისტანი, ფილიპინები;
  • 20% – ბანგლადეში, შრი-ლანკა, ტაილანდი, ტაივანი, ვიეტნამი;
  • 25% – ბრუნეი, ინდოეთი, ყაზახეთი, მოლდოვა, ტუნისი;
  • 30% – ალჟირი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიბია, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა;
  • 35% – ერაყი, სერბია;
  • 39% – შვეიცარია;
  • 40% – ლაოსი, მიანმარი;
  • 41% – სირია;

ამასთან, ევროკავშირიდან იმპორტირებული საქონლის უმეტესობას 15%-იანი ტარიფი დაუწესდება.

ტრამპმა მიმდინარე წლის 2 აპრილს, მასშტაბური სავაჭრო ტარიფები გამოაცხადა, რასაც „განთავისუფლების დღის“ ტარიფები ეწოდა. აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივა მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოსათვის ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს. აღნიშნული გეგმის ფარგლებში თავდაპირველად გათვალისწინებული იყო ევროკავშირისთვის 20%-იანი, ჩინეთისთვის 34%-იანი, იაპონიისათვის 24%-იანი, ქვეყნების უმეტესობისთვის კი, მათ შორის საქართველოსთვის, 10%-იანი ტარიფების დაწესება.

მოგვიანებით, უკვე 8 ივლისს, ტრამპმა ხელი მოაწერა აღმასრულებელ ბრძანებას, რომლის თანახმად, საპასუხო ტარიფების ამოქმედების ვადამ 1-ელ აგვისტომდე გადაიწია. აქამდე არსებული ვადების გათვალისწინებით, აშშ-ის ტარიფები 9 ივლისიდან უნდა ამოქმედებულიყო.