თბილისი (GBC) – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე, შპს „თბილსერვის ჯგუფის” თანამშრომელთან ერთად, დასუფთავების აქციაში მიიღეს მონაწილეობა.

„1993 წლიდან, 22 მარტს წყლის დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. საქართველო უერთდება მსოფლიო კამპანიას - 30 მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს დასუფთავების კვირეული წყლის რესურსების დაბინძურებისგან დასაცავად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ მაშინ, როცა მსოფლიოში გაუდაბნოების პროცესი მიმდინარეობს, სულ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება წყლის რესურსების ეფექტიან გამოყენებას და ამ მიმართულებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, სოლომონ პავლიაშვილმა.

„21-ე საუკუნეში ყველაზე დიდი სიმდიდრე არის წყალი და ყველაზე მეტად რასაც უნდა გავუთხილდეთ წყალია. ჩვენთვის საქართველოსთვის ეს არის ყველაზე დიდი მონაპოვარი. დღევანდელი დღე ეძღვნება სწორედ იმას, რომ დავიცვათ ჩვენი მდინარეები, ტბები და ზღვა ნარჩენებისგან”, - განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები - საქართველო“ თავმჯდომარემ, ნინო ჩხობაძემ.

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, 22 მარტს წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნება. ამ დღის დაწესებისა და აღნიშვნის მიზანია, მსოფლიო საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენოს, როგორი მნიშვნელობა აქვს წყლის რესურსების მოფრთხილებას და მის დაცვას. გაეროს შემუშავებული აქვს სამოქმედო გეგმა, რომლის მიხედვითაც, 2030 წლისთვის, მსოფლიოში სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობა  უნდა ჰქონდეს ყველას!

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს მსოფლიო კამპანიის დევიზია: „ცვლილებების ხელშეწყობა წყლისა და სანიტარიული კრიზისის მოსაგვარებლად“, რაც ხაზს უსვამს გადამწყვეტი ზომების მიღების მნიშვნელობას წყლის გლობალური კრიზისის მოსაგვარებლად.