თბილისი (GBC) – ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის (EHI) იდეა დაიბადა ქვეყანაში წყლის რესურსების მართვისა და ოპტიმიზაციის გასაუმჯობესებლად. მისი მიზანია საკონსულტაციო ჯგუფის დაფუძნება ენგურის აუზში არსებული ჰიდროელექტროსადგურების ოპერატორებისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის აქტიური თანამშრომლობის, მონაცემთა და ინფორმაციის გაცვლის და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკის დანერგვა ჰიდრო-მეტეოროლოგიური მონაცემების გამოყენებისა და ჰიდროლოგიური მოდელირებისათვის. 

ინიციატივას ხელმძღვანელობს სააქციო საზოგადოება საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი (GEDF), რომლის აქციების 100% სახელმწიფო საკუთრებაშია და იმართება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ. GEDF-თან ერთად პროექტში ჩართულია კიდევ რამდენიმე ცნობილი დაინტერესებული მხარე. ესენია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა, საქართველოს ენერგო ბირჟა, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ოპერატორი, შპს ენგურჰესი, გარემოს ეროვნული სააგენტო და ევროპის საინვესტიციო ბანკი. გარდა ამისა, მისასალმებელია სხვა კერძო და საჯარო სუბიექტების გაერთიანება.

ენგურის ჰიდროლოგიური  ინიციატივა არის ორწლიანი პროექტი და მას აფინანსებს ავსტრიის მთავრობა (Drive Fund), როგორც არაანაზღაურებადი დახმარება (გრანტი) საქართველოსთვის, რომელსაც ადმინისტრირებას უწევს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD). პროექტი წარმოადგენს ევროპელი დონორების კიდევ ერთ უაღრესად მნიშვნელოვან დახმარებას ჩვენი ქვეყნის აღმშენებლობაში, ნათქვამია EHI–ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრეს–რელიზის თანახმად, ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივა მიზნად ისახავს გააძლიეროს თანამშრომლობა მდინარე ენგურის აუზის ძირითად ორგანიზაციებს შორის და გაამარტივოს გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობები. ამ მიზნების მისაღწევად პროექტის ფარგლებში გაზრდილი იქნება ჰიდრომეტეოროლოგიური მონაცემების მოპოვების შესაძლებლობები და გამოვლინდება მათი გაუმჯობესების გზები; შემუშავდება ჰიდროლოგიური მოდელები, რომლებიც ხელს შეუწყობენ ისეთი გამოწვევების მოგვარებას, როგორიცაა უსაფრთხოება, კლიმატის ცვლილება ან დანალექი; ხელი შეეწყობა დაინტერესებულ მხარეებს შორის თანამშრომლობას, მონაცემთა გაზიარებისა და მოდელის მფლობელობის პროტოკოლების ჩამოყალიბების გზით და ოპერატიული სისტემების შექმნით; ცოდნის გადაცემა, რათა ადგილობრივმა ექსპერტებმა დამოუკიდებლად მოაგვარონ ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორიცაა ჰიდროლოგიური პროგნოზირება ან ჰიდროენერგეტიკის წარმოების ოპტიმიზაცია და უზრუნველყონ სამუშაოს უწყვეტობა. გრძელვადიანი დაგეგმვისა და ცოდნისა და ინსტრუმენტების ადგილობრივ ორგანიზაციებზე გადაცემის გზით, პროექტის განმავლობაში მიღებული გამოცდილება ბუნებრივია გაგრძელდება მისი დასრულების შემდეგაც.

ენგურის ჰიდროლოგიური ინიციატივის პროექტს ახორციელებს საერთაშორისო ექსპერტთა გუნდი, რომელიც შედგება ეროვნული და საერთაშორისო სპეციალისტების კონსორციუმისაგან. გუნდის ლიდერია შპს „გრუნერი შტუკი“, რომელიც სპეციალიზებულია ჰიდროენერგეტიკის სფეროში და საქართველოში  ორ ათწლეულზე მეტია საქმიანობს. ასევე, გუნდის სხვა ცნობილი წევრები არიან: შვედეთის მეტეოროლოგიური და ჰიდროლოგიური ინსტიტუტი (SMHI)-ი, რომელიც ცნობილია ჰიდროლოგიაში, მეტეოროლოგიასა და კლიმატის ცვლილებაში გამოჩენილი საქმიანობით, ასევე სდ სტრატეგიები (SD Strategies), გერმანული ინოვაციური კომპანია, რომელიც სპეციალიზებულია მდგრად განვითარებაში, კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ მოქმედებებში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები ენერგეტიკის, ჰიდროლოგიის და კლიმატოლოგიის ადგილობრივი ექსპერტები.