თბილისი (GBC) – პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის Binance-ის დამფუძნებელთან და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან შეხვედრას სოციალურ  ქსელ „ტვიტერში" ეხმაურება და „ტვიტერში" წერს, რომ საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება და ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, საქართველოს მთავრობა მზად არის, განავითაროს ეფექტიანი რეგულაციები და მოიზიდოს ძლიერი პარტნიორები.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა მსოფლიოში უდიდესი კრიპტოვალუტის ბირჟის - Binance-ის დამფუძნებელსა და მთავარ აღმასრულებელ დირექტორთან ჩანგპენგ ჟაოსთან. განვიხილეთ ბლოკჩეინის, ახალი ინტერნეტისა და კრიპტოვალუტის საკითხები. საქართველო მე-4 ინდუსტრიული რევოლუციის ბუნებრივ ჰაბად მოიაზრება. ამ შესაძლებლობის სრული რეალიზების მიზნით, მზად ვართ, განვავითაროთ ეფექტიანი და მიზანმიმართული რეგულაციები, თან მოვიზიდოთ ძლიერი პარტნიორები", - წერს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.

აღნიშნულ შეხვედრას ასევე Twitter-ზე გამოეხმაურა Binance-ის დამფუძნებელი და მთავარი აღმასრულებელი დირექტორი ჩანგპენგ ჟაო, რომელიც წერს, რომ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოს.

„დღეს დილით საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს შევხვდი. ძალიან კარგი საუბარი გვქონდა ახალ ინტერნეტ-ეკონომიკასა და საქართველოზე", - აღნიშნავს ჩანგპენგ ჟაო.