თბილისი (GBC) – იტალიის მინისტრთა საბჭომ სტრატეგიული ობიექტების დაცვისთვის გასატარებელი ღონისძიებების შესახებ დადგენილება მიიღო. სტრატეგიული ობიექტების ნუსხაში მოხვდა კუნძულ სიცილიაზე მდებარე ნავთობგადასამუშავებელი ქარხანა ISAB, რომელიც რუსული ლუკოილის საკუთრებაა. საწარმოს მთავრობას დროებით სპეცმართვაში გადასცემენ, წერს La Repubblica. ამ ინფორმაციას სააგენტო AFP–ს წყაროებიც ადასტურებენ.

ქარხანა სიცილიის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში მდებარეობს და წარმადობით ევროპაში მესამე ადგილს იკავებს. ამ ქარხანაში იტალიაში მოხმარებული საწვავის 22%–ს გამოიმუშავებენ.

ლუკოილმა ოქტომბერში უარი განაცხადა ამ ქარხნის ამერიკული Crossbridge–სთვის მიყიდვაზე, თუმცა ახლა კვლავ განაახლა მოლაპარაკებები.

იტალიური მედიის ცნობით, ნაციონალიზაციის შემთხვევაში ქარხანა იტალიის ეკონომიკის სამინისტროს კონტროლს დაექვემდებარება.