თბილისი (GBC) - შეერთებულ შტატებსა და უკრაინას შორის სადაზვერვო მონაცემების გაზიარების პროცესი პიკურ მაჩვენებლებს უბრუნდება, რაც კიევისთვის საბრძოლო ველზე მნიშვნელოვანი უპირატესობის მოპოვების შესაძლებლობას ქმნის. ამის შესახებ გამოცემა POLITICO წერს.

აშშ-ის სენატის დაზვერვის კომიტეტის წევრები ადასტურებენ, რომ შორი მანძილის დრონებისა და რაკეტების ეფექტიანი გამოყენება, რამაც უკრაინას რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმების განხორციელების საშუალება მისცა, სწორედ ამერიკული სადაზვერვო ინფორმაციის გაძლიერებას უკავშირდება.

ივლისის დასაწყისში განხორციელებულმა შეტევებმა მოსკოვი იძულებული გახადა, დიზელის ექსპორტი შეეჩერებინა, რამაც კრემლზე ეკონომიკური და სტრატეგიული ზეწოლა გაზარდა.

ანალიტიკოსების შეფასებით, ვაშინგტონიდან მიღებული ინფორმაცია უკრაინას ეხმარება, არა მხოლოდ უკეთ დაიცვას თავი რუსული სარაკეტო იერიშებისგან, არამედ ფრონტის ხაზის სტაბილიზაციითა და რუსეთის ტერიტორიაზე წერტილოვანი დარტყმებით მოსკოვი მომავალი მოლაპარაკებების მაგიდასთან დასაჯდომად იძულებული გახადოს.

თავის მხრივ, ამერიკული მხარეც იღებს სარგებელს, რადგან უკრაინულ მხარეს კრემლში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით მაღალი ხარისხის სადაზვერვო ინფორმაცია გააჩნია.