თბილისი (GBC) - რუსეთის ვორონეჟის ოლქში დაიწყო ჩრდილოეთ კორეის სარაკეტო ქვედანაყოფის განთავსება, რომელიც შესაძლოა 6 გამშვები დანადგარითა და 120 ბალისტიკური რაკეტით აღიჭურვოს. ამის შესახებ Reuters უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (GUR) წარმომადგენელზე, ანდრეი ჩერნიაკზე დაყრდნობით იტყობინება.
დაზვერვის ცნობით, მოსკოვმა ფხენიანისგან KN-23 და KN-24 ტიპის ბალისტიკური რაკეტების ახალი, 40-ერთეულიანი პარტია და პირადი შემადგენლობა უკვე მიიღო. რუსეთი გეგმავს, რომ დაახლოებით 90 ჩრდილოეთ კორეელისგან შემდგარი ქვედანაყოფი თავისი 112-ე სარაკეტო ბრიგადის შემადგენლობაში დააყენოს. შეიარაღების საბოლოო მოცულობა, მათ შორის დამატებითი რაკეტებისა და გამშვები დანადგარების მიწოდება, მომავალ თვეში დაგეგმილ მოლაპარაკებებზე შეთანხმდება.
უკრაინული მხარის შეფასებით, რუსეთი ცდილობს ისარგებლოს უკრაინის საჰაერო თავდაცვის სისტემების ნაკლებობით და დარტყმები მძიმე ბალისტიკური რაკეტებით გაახშიროს, რომელთა ჩამოგდებაც განსაკუთრებით რთულია.
ივლისის ბოლოს განხორციელებული შეტევა გახდა ჩრდილოეთ კორეული ბალისტიკური რაკეტების გამოყენების პირველი დაფიქსირებული შემთხვევა 2025 წლის აგვისტოს შემდეგ, რისთვისაც სწორედ ახალი პარტიიდან მიღებული რაკეტები გამოიყენეს. საერთო ჯამში, 2023 წლის ბოლოდან 2025 წლის აგვისტომდე ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 150-ზე მეტი ასეთი რაკეტა მიაწოდა.
სარაკეტო ქვედანაყოფისა და სამხედრო პერსონალის პირდაპირი განთავსება მოსკოვსა და ფხენიანს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის ახალ და უფრო მასშტაბურ ეტაპზე გადასვლაზე მიუთითებს.
