თბილისი (GBC) – Georgia Capital-ის (GCAP) ლუდის ბიზნესის მთლიანი შემოსავლები 3Q23-ში 9%-ით გაიზარდა (y.y) და 41 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო 9M23-ში კი 21.9%-ით (y.y) 108.6 მლნ ლარამდე.
GCAP-ის განმარტებით შემოსავლების ზრდა ტურიზმის ძლიერი აღდგენითა და მაღალი მოთხოვნის გამო, პროდუქციის ფასების ზრდითაა გამოწვეული.
ლუდის გაყიდვები 3Q23-ში (ჰექტოლიტრით) 0.6%-ით გაიზარდა (9M23-ში კი 7.1%-ით).
ლიტრის საშუალო ფასი ლარში 3Q23-ში (ლუდისა და ლიმონათის საშუალო ფასი) წინა წელთან შედარებით 11.4%-ით გაიზარდა (9.7%-ით მეტი 9M23-ში).
საოპერაციო ხარჯები GCAP-ის ლუდის ბიზნესმა მესამე კვარტალში 29.8%-ით შეამცირა და 29.4%-ით 9M23-ში, რაც მათი თქმით, ლუდის და სადისტრიბუციო ბიზნეს ხაზებში სტრუქტურული ცვლილებებითაა გამოწვეული.
შესაბამისად, 3Q23-ში ბიზნესის EBITDA წინა წელთან შედარებით 12.7%-ით გაიზარდა 7.9 მლნ ლარამდე (+27.1% y.y 18.2 მლნ ლარამდე - 9M23-ში).
GCAP-ის ლუდის ბიზნესი ლუდსა და ლიმონათს აწარმოებს და ფლობს ათწლიან ექსკლუზიურ ლიცენზიას Heineken-ისგან, საქართველოში Heineken-ის ბრენდების ლუდის საწარმოებლად.
2022 წელს GCAP-ის ლუდის ბიზნესს ბაზრის დაახლოებით 22% ეჭირა. ბიზნესის ბრენდები მოიცავს Heineken, ICY (მისი ფლაგმანი ლუდის ძირითადი ბრენდი), Black Lion (ქართული ხელნაკეთი ლუდის მწარმოებელი, რომელიც ჯგუფმა 2018 წელს შეიძინა), ყაზბეგი, რომელიც 2019 წელს შეიძინა, ლუდი Amstel და Krusovice, რისთვისაც ბიზნესმა ლიცენზია 2019 წელს შეიძინა და Kayaki (ჯგუფის მსუბუქი ლუდის ბრენდი).
2019 წელს ბიზნესმა მიიღო Heineken-ის კომერციული პარტიების მოდუღების ლიცენზია, ხოლო ადგილობრივად მოხარშული ლუდი Heineken მაღაზიებში 2019 წლის აგვისტოდან არის ხელმისაწვდომი.