თბილისი (GBC) – „ჯი-თი გრუპმა“ თბილსერვის ჯგუფის 10 მილიონი ლარის ღირებულების ტენდერი 9.7 მილიონ ლარად მოიგო.

ტენდერი გულისხმობს მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების სახელმწიფო შესყიდვას.

ტენდერში წინადადებების მიღება 8 მაისს დასრულდა და ამჟამად მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება.

შეგახსენებთ, „ჯი-თი გრუპ“ აღნიშნულ ტენდერში ერთადერთი კანდიდატი იყო.

ტენდერი გულისხმობს 3 მ³ მოცულობის, 200 ერთეული (ერთეულის ფასი განსაზღვრულია 50,000 ლარით) მიწისქვეშა კონტეინერის ბეტონის ბუნკერის შეძენას.

შეთავაზებული ბუნკერების სისტემას, უნდა გააჩნდეს ავსების სენსორი, რომელსაც საშუალება ექნება ოპერატორ კომპანიას ავტომატურ რეჟიმში გადასცეს ინფორმაცია, კონტეინერის ავსების თაობაზე. ასევე სენსორი თავსებადი უნდა იყოს საქართველოში არსებულ კავშირგამბულობის სისტემებთან (GSM/GPRS). სისტემის საშუალებით, ოპერატორ კომპანიას საშუალება უნდა ჰქონდეს რეალურ დროში აწარმოოს კონტეინერების ავსების დონის კონტროლი და შესაბამისად დაგეგმოს ნაგავშემკრები ავტომობილის მარშრუტი.

 

„ჯი-თი გრუპ“ დაარსებულია 2005 წელს. ტენდერების მონიტორის ინფორმაციით მას 171 ტენდერში აქვს გამარჯვება მოპოვებული. მოგებული ტენდერების საერთო სავარაუდო ღირებულება კი 187.7 მლნ ლარია.

კომპანია ფლობს რამდენიმე შვილობილ კომპანიას:

1. GT- Motors ltd - მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და სერვისი;

2. Kolkhi Group ltd - სამშენებლო მასალების იმპორტი;

3. Europroduct ltd - საკვები პროდუქტების იმპორტი და სუპერმარკეტების ქსელი (50% წილი);

4. GT Enologica - ღვინის დანადგარების იმპორტი (51% წილი).

კომპანიის მფლობელთა სტრუქტურა შემდეგია:

გიორგი თავდიშვილი 33%;

გიორგი გველესიანი 34%;

თემურ უსტიაშვილი 33%.