თბილისი (GBC) – ოკუპირებულ აფხაზეთში, სადაც ენერგოკრიზისი მძვინვარებს, პირველი თებერვლიდან დენის გათიშვის გრაფიკს კიდევ უფრო ამკაცრებენ. გრაფიკის გამკაცრების შესახებ ინფორმაციას „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. აბონენტებს დენი დღე–ღამეში 3–ჯერ გაეთიშება, ნაწილს 5 საათით, ნაწილს კი 7 საათით. 

კომპანიაში ამბობენ, რომ რუსეთიდან სოხუმი თებერვალში 190 მლნ კვტ/სთ ენერგიას მიიღებს, რაც მნიშვნელოვნად ჩამორჩება იანვარში მიღებულ მოცულობას (250 მლნ კვტ/სთ). აფხაზეთში ელექტროენერგიის მოხმარება დღე–ღამეში 11 მლნ კვტ/სთ–ს შეადგენს.

გარდა ამისა, გრაფიკი დაწესდება მაღალი ძაბვის გადამცემ ხაზებზეც, რომელიც ენგურჰესიდან იკვებება. ამის მიზეზი კი წყალსაცავში წყლის კრიტიკულად დაბალი დონე სახელდება (410 მ). შეზღუდვა ყველა კატეგორიის მომხმარებელს შეეხება, ვინაიდან არა ცალკეული ქვესადგურები, არამედ მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები გაითიშება.

სემეკის მონაცემების თანახმად, 2022 წელს ოკუპირებულმა აფხაზეთმა მთლიანობაში 3 მლრდ კვტ/სთ ელენერგია მოიხმარა. აქედან 900 მლნ კვტ/სთ რუსეთიდან მიიღო, ხოლო 2,1 მლრდ კვტ/სთ თბილისის მიერ კონტროლირებადი ელექტროსისტემიდან.