თბილისი (GBC) - საქართველოს რკინიგზის გენერალურმა დირექტორმა, ლაშა აბაშიძემ და აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარემ, როვშან რუსტამოვმა პარასკევს, ფოთისა და ბათუმის საზღვაო ინფრასტრუქტურა მოინახულეს, როგორც საქართველოს რკინიგზის მიერ GBC-სთვის მოწოდებულ პრესრელიზშია ნათქვამი, ვიზიტის მთავარი მიზანი „შუა დერეფნის“ მარშრუტზე სარკინიგზო და საპორტო ოპერაციების სინქრონიზაცია და გაზრდილი ტვირთნაკადის ეფექტური მართვაა.
დელეგაციის წევრები ადგილზე გაეცნენ ფოთის ახალ საზღვაო ნავსადგურსა და ბათუმის პორტის განახლებულ ტერმინალებს. ნავსადგურების მენეჯმენტმა სტუმრებს მოდერნიზაციის პროცესი და ობიექტების გაზრდილი სიმძლავრეები წარუდგინა.
„შუა დერეფნის შემდგომი განვითარებისთვის საკვანძოა საქართველოს საპორტო ინფრასტრუქტურის მაღალი სტანდარტებით ფუნქციონირება. რკინიგზისა და ნავსადგურების გამართული მუშაობა მეტი ტვირთის გატარების საშუალებას მოგვცემს, რაც დადებითად აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე“, - განაცხადა ლაშა აბაშიძემ.
ვიზიტისას ხაზი გაესვა „ბაქო-თბილისი-ყარსის“ მარშრუტის მნიშვნელობას და ტვირთმფლობელებისთვის სერვისების გაუმჯობესების აუცილებლობას.
"აღსანიშნავია, რომ 2025 წლის სტატისტიკური მონაცემებით, ფოთისა და ბათუმის პორტებში ტვირთნაკადის მაჩვენებელი გაზრდილია", - წერს საქართველოს რკინიგზა.
3Q25-ში საქართველოს ნავსადგურებმა 12 მილიონი ტონა ტვირთი გადაამუშავეს. საქსტატის მონაცემებით, წლიურ ჭრილში ეს 1.4%-იანი ზრდაა, მათ შორის, მხოლოდ 3Q25-ში საქართველოს ნავსადგურებმა და ტერმინალებმა 4 მლნ 293 ათასი ტონა ტვირთი გადაამუშავეს, რაც ასევე, 1.4%-იანი ზრდაა. კლება ფიქსირდება რკინიგზის ტვირთბრუნვის მიმართულებით, რამაც 3Q25-ში 9 მილიონ 793 ათასი ტონა შეადგინა.