თბილისი (GBC) - მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე, ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითად პარამეტრებზე ისაუბრა.  

მისი განცხადებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 2024 წელს დაგეგმილია 5.2%-ის ფარგლებში; ნომინალური მშპ-ის პროგნოზი განსაზღვრულია 85,4 მლრდ ლარის ოდენობით, ხოლო ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებული მთლიანი შიდა პროდუქტი 8 600 დოლარს აჭარბებს.

 

2027 წლისთვის პროგნოზირებულია ნომინალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 108,0 მლრდ ლარამდე, რაც ერთ სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით 10 900 დოლარს გადააჭარბებს;

ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლები განისაზღვრება 21,2 მლრდ ლარის ოდენობით, რაც მშპ-ის 24,9%-ია; ნაერთი ბიუჯეტის დეფიციტი შეადგენს მშპ-ის 2,5%-ს, ხოლო მთავრობის ვალის მაჩვენებელი მშპ-ის 38,2%-ის ფარგლებშია. 2024 წლის ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, ჯამურად, შეადგენს 27,8 მლრდ ლარს.

სოციალური მიმართულებით:

ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის პროგრამების დასაფინანსებლად სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 870,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც მომავალ წელს:

 

·70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთა პენსია იზრდება 50 ლარით და განისაზღვრება 415 ლარის ოდენობით. ამავე კატეგორიის პენსიონერთა პენსია მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 498 ლარს;

 

·70 წლამდე პირთა პენსია იზრდება 20 ლარით და განისაზღვრება 315 ლარის ოდენობით, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში შეადგენს 378 ლარს;

 

·გარდა პენსიისა, გათვალისწინებულია მკვეთრად გამოხატული და 18 წლამდე შშმ პირების სოციალური გასაცემლის ზრდა 50 ლარით, ხოლო დანარჩენი კატეგორიის შშმ პირთა გასაცემლის ზრდა 20 ლარით;

·გათვალისწინებულია მიმდინარე წლის ივლისიდან 200 ლარამდე გაზრდილი ბავშვთა სოციალური დახმარების სრული წლის დაფინანსება;

·ჯამში სოციალური პროგრამების დაფინანსება შეადგენს 5,6 მილიარდ ლარს;

·ჯანდაცვის პროგრამების დასაფინანსებლად გამოყოფილია 1,6 მილიარდი ლარი, მათ შორის, გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

·დევნილთა სახლებით უზრუნველყოფის მიზნით გათვალისწინებულია 230,0 მლნ ლარი.

 

განათლების მიმართულებით:

 

განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით დაფინანსება გაზრდილია 470,0 მლნ ლარზე მეტით, რომლის ფარგლებშიც:

·გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალისა და მანდატურის ხელფასების 10%-იანი ზრდა;

·საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის გამოყოფილია 350,0 მლნ ლარზე მეტი;

·საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციაზე -  225,0 მლნ ლარზე მეტი;

 

100 ლარით გაიზრდება საბავშვო ბაღების თანამშრომელთა ხელფასები.

 

ასევე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მუშაობს მასწავლებელთა ანაზღაურების სისტემის რეფორმაზე და ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტის წარდგენამდე საზოგადოება გაეცნობა აღნიშნული რეფორმის შედეგებს;

 

10%-ით გაიზრდება პოლიციელების, ჯარისკაცებისა და უსაფრთხოების თანამშრომელთა ხელფასები. თავდაცვის, შინაგან საქმეთა სამინისტროსა და უსაფრთხოების სამსახურის დაფინანსება იზრდება 240 მლნ ლარამდე. თავდაცვის ინფრასტრუქტურასა და შესაძლებლობების განვითარებისათვის გათვალისწინებულია 330,0 მლნ ლარი;

 

2022 წელს კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, 2024 წელს საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებულთა ანაზღაურება გაიზრდება 10%-ით;

 

ეკონომიკის ზრდის ხელშეწყობისთვის:

ინფრასტრუქტურის განვითარებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან 2024 წელს მიიმართება 6,0 მილიარდ ლარზე მეტი,  მათ შორის:

·საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე მიიმართება 1,7 მილიარდ ლარზე მეტი, მათ შორის, ჩქაროსნული   მაგისტრალების მშენებლობას მოხმარდება 1,2 მილიარდ ლარზე მეტი;

·მუნიციპალური ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის გათვალისწინებულია 1,9 მილიარდ ლარზე მეტი;

·წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაუმჯობესებაზე მიიმართება 500,0 მლნ ლარზე მეტი;

·საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაზე მიიმართება 700,0 მლნ ლარზე მეტი;

·ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე გათვალისწინებულია 170,0 მლნ ლარზე მეტი;

 

Ø მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, 2024 წელს გათვალისწინებულია 300,0 მლნ ლარზე მეტი.

Ø სოფლის მეურნეობის პროგრამების დაფინანსებისთვის გათვალისწინებულია 560,0 მლნ ლარზე მეტი.

Ø გარემოს დაცვის პროგრამების დაფინანსებისთვის გამოყოფილია 180,0 მლნ ლარამდე.

Ø კულტურისა და სპორტის დაფინანსებაზე ნაერთი ბიუჯეტიდან მიიმართება 850,0 მლნ ლარზე მეტი, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტის ფარგლებში გათვალისწინებულია 460,0 მლნ ლარი.