თბილისი (GBC) - საქართველოს საპენსიო ფონდმა საინვესტიციო პორტფელების 2025 წლის ოქტომბრის შედეგები გამოაქვეყნა, სადაც წერს, რომ ოქტომბერი საპენსიო ფონდის პორტფელებისათვის საკმაოდ კარგი თვე აღმოჩნდა, რაც ძირითადად საერთაშორისო აქციების ბაზრების ძლიერმა ზრდამ განაპირობა: "აღნიშნული დადებითი ტენდენცია, კომპანიების ძლიერ კვარტალურ შედეგებს, აშშ-ჩინეთის სავაჭრო შეთანხმებასთან დაკავშირებულ ოპტიმიზმსა და ფედერალური რეზერვის მიერ საპროცენტო განაკვეთის დამატებით შემცირებას უკავშირდება". 

დინამიკური პორტფელი, რომელშიც საერთაშორისო აქციების წილი, სხვა პორტფელებთან შედარებით, ყველაზე მაღალია, ოქტომბერში 1.7%-ით გაიზარდა, ხოლო, დაბალანსებულმა და კონსერვატიულმა პორტფელებმა შესაბამისად 1.43% და 1.15%-იანი ზრდა დააფიქსირეს.

წლის დასაწყისიდან დღემდე შემოსავლიანობა სამივე პორტფელისთვის საკმაოდ მაღალია:

  • დინამიკური – 13.9%
  • დაბალანსებული – 11.83%
  • კონსერვატიული – 10.12%

დინამიკური პორტფელი შექმნის დღიდან (2023 წლის 6 აგვისტო) გაწლიურებული შემოსავლის კუთხითაც ლიდერობს და მისი შემოსავლიანობა 14.8%-ს აღწევს, ხოლო დაბალანსებული და კონსერვატიული პორტფელებისათვის შესაბამისი მაჩვენებლები 13.4% და 12%-ს შეადგენენ.

საპენსიო სქემაში გაწევრიანებულ მონაწილეთა რაოდენობა 1 მილიონ 686 ათასი ადამიანია. 2025 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით, დაგროვებითი პენსიით ისარგებლა 24,823 -მა პირმა, მათზე პენსიის სახით გაიცა 112 მლნ ლარი.

საპენსიო ფონდის აქტივების ღირებულებამ ₾7.9 მლრდ-ს მიაღწია, ხოლო დაგენერირებულმა ამონაგებმა ₾2.1 მლრდ-ს გადააჭარბა.