თბილისი (GBC) - საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტო Moody's-მა საქართველოს პერიოდული მიმოხილვა განაახლა. დოკუმენტში აღნიშნულია მაკროეკონომიკური და ფისკალური პარამეტრების მდგრადობა გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე. ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ეკატერინე გუნცაძის განცხადებით, სააგენტომ 2025 წლის მაღალი ეკონომიკური აქტივობის გათვალისწინებით, 2026 წლის ზრდის პროგნოზი 6%-მდე გაზარდა.

Moody's მოელის, რომ საქართველო საშუალოვადიან პერიოდში შეინარჩუნებს 5%-იან პოტენციურ ზრდას, რაც თანხვედრაშია სამინისტროს ოფიციალურ მოლოდინებთან.

მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა ვალისა და დეფიციტის კლების ტენდენციაზე. 2025 წელს სახელმწიფო ვალი მშპ-სთან მიმართებით 35%-ზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა, ხოლო ბიუჯეტის დეფიციტი 1.5%-ის ფარგლებში შენარჩუნდა. ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის ისტორიულ მინიმუმამდე შემცირება, პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დონე და გაზრდილი საგარეო რეზერვები.

დოკუმენტში განსაკუთრებული ადგილი დაეთმო 2026 წლის იანვარში 500 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ევროობლიგაციების წარმატებულ რეფინანსირებას. დაფიქსირდა 5.1%-იანი განაკვეთი, რაც ბოლო 4 წლის მანძილზე ყველაზე დაბალი კუპონია მსგავსი რეიტინგის მქონე ქვეყნებს შორის. ეკატერინე გუნცაძის შეფასებით, სააგენტოს ანგარიშები ინვესტორთა ნდობის გამყარებისთვის უმნიშვნელოვანესია.