თბილისი (GBC) - გლობალურ გაურკვევლობაში, განსაკუთრებით ახლო აღმოსავლეთში ომის გამო შექმნილი გამოწვევების მიმართ, საქართველოს მდგრადობაზე განაცხადა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა, სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა,IV მუხლის რეგულარული მისიის დასკვნით ბრიფინგზე.
მისი მოლოდინით, საქართველოს ეკონომიკა ძლიერ ზრდას განაგრძობს ზომიერი ტემპით, თუ კონფლიქტი მოკლე ვადაში დარეგულირდება.
სსფ-ის მისიის ხელმძღვანელის განცხადებით, ქვეყნის ეკონომიკური შედეგები მყარია,გონივრული მაკროეკონომიკური მართვის და პოლიტიკის საფუძველზე.მისივე თქმით, საქართველო უკეთ მომზადებულია საგარეო შოკებთან გასამკლავებლად.
„სსფ-ის მხრიდან აღინიშნა, რომ სებ-ის მონეტარული პოლიტიკა გონივრულია, რაც ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია გამოწვევებით სავსე გლობალურ გარემოში. ასევე აღინიშნა მაღალ ეკონომიკური აქტივობა და გაუმჯობესებულ საგარეო პოზიცია. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი ისტორიულად დაბალი იყო - 2025 წელს მშპ-სთან 2.6%. ეროვნული ბანკისთვის, ეს ნიშნავს კვლავ ხელსაყრელ პირობებს საერთაშორისო რეზერვების აკუმულირებისთვის.
შეინიშნება ძლიერი სავალუტო შემოდინებები სხვადასხვა, მათ შორის ვაჭრობის არხებით. სავალუტო რეზერვების რეკორდულ მაჩვენებელზე სსფ-ს ანგარიშშიც აღნიშნულია. რომ 2022 წლის შემდეგ პირველად, გასულ წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა ადეკვატურობის 100%-იან ზღვარს გადასცდა“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.
ინფლაციურ მოლოდინებზე საუბრისას აღნიშნა, რომ სენტიმენტები კარგად მართულია. მისივე თქმით, ამავდროულად გასათვალისწინებელია, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე საომარი მოქმედებები, რამაც საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე, მათ შორის საქართველოში ლოგისტიკური ჯაჭვების შეფერხება გამოიწვია, რაც ფასებზე დამატებითი წნეხია.
დამატებითი ინფლაციური შოკის სიძლიერე დამოკიდებული იქნება კონფლიქტის ხანგრძლივობაზე და საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასის დასტაბილურებაზე. "ამ გამოწვევასას უნდა ვუპასუხოთ ფრთხილი და ეფექტური მონეტარული პოლიტიკის ნაბიჯებით, რისთვისაც ვართ მზად“, - დასძინა სებ-ის პრეზიდენტმა.
ნათია თურნავას თქმით, სსფ-ის მისიის ვიზიტის ფარგლებში განხილვის ერთ-ერთი საკითხი ეროვნული ბანკის მმართველობის გაუმჯობესება იყო. მისი განმარტებით, სსფ-ის შეფასებით სებ-ის მხრიდან მმართველობის გაუმჯობესების კუთხით სავალუტო ფონდის რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულებულია, ხოლო დანარჩენზე მიდის მუშაობა.
„ამიტომ, უნდა ითქვას, რომ ამ თვალსაზრისითაც, კარგი პროგრესი გვაქვს“, - აღნიშნა ნათია თურნავამ.