თბილისი (GBC) – იანვარ–სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდულმა პრემიამ 66.11 მლნ ლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (55.1 მლნ ლარი) შედარებით 20%–ით არის გაზრდილი. საანალიზო პერიოდში სიცოცხლის დაზღვევის სახეობაში მოზიდული პრემიით „თიბისი დაზღვევა“ ლიდერობდა, მას ბაზრის თითქმის ნახევარი (48%) ეჭირა – 31.7 მლნ ლარით.

მეორე ადგილზე 20.9 მლნ ლარით „ალდაგი“ იყო, მას ბაზრის 32% ეკავა. მესამე და მეოთხე ადგილებს კი „იმედი L“ და „ჯიპიაი“, შესაბამისად 5.4 მლნ ლარით და 2.7 მლნ ლარით იკავებდა. ხუთეულს „ირაო“ ასრულებს, კომპანიას 1.5 მლნ ლარი ჰქონდა მოზიდული და ბაზრის მხოლოდ 2% ეჭირა.

2023 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 818 მილიონი ლარი, 2022 წლის მესამე კვარტალში კი 704 მლნ ლარი იყო.

წლევანდელი 9 თვის შედეგებით მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 190,9 მილიონი ლარი, წმინდა მოგებამ კი 63,5 მილიონი ლარი, მაშინ როდესაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდში სადაზღვევო მოგება 157 მლნ ლარი, ხოლო წმინდა მოგება 35 მლნ ლარი იყო.

სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა შეადგენს 1.314 მლრდ ლარს, ხოლო კაპიტალი 370,2 მილიონ ლარს. 2022 წლის მესამე კვარტალში აქტივები 1.152 მლრდ ლარი, ხოლო კაპიტალი 341 მლნ ლარი იყო.

2023 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.