თბილისი (GBC) – ევროპარლამენტმა საქართველოზე მორიგი რეზოლუცია მიიღო, რომელიც წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, რომ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ  განიხილოს სანქციები და სხვადასხვა  შემზღუდავი ნორმები, მათ შორის: SWIFT-იდან (საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების უმსხვილესი სისტემიდან) გათიშვა;

სექტორული სანქციები, რომელიც მიმართულია „ქართული ოცნებისთვის“ შემოსავლის წყაროებისა და ნაკადების შეჩერებისკენ.

„საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებლის გიორგი კეპულაძის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის რეზოლუცია სარეკომენდაციო ხასიათისაა, მისი მიღება მაინც ქმნის პოლიტიკურ განწყობას, რომელიც ქვეყნისთვის შეიძლება საზიანო აღმოჩნდეს.

როგორც კეპულაძე "კომერსანტთან" ამბობს, SWIFT-იდან გათიშვის რისკი მაღალია პოლიტიკურად აქტიური სუბიექტებისთვის, როგორიც, მაგალითად, „ქართუა“, თუმცა ეს რთული და დროში გაწელილი პროცესია.

„ეს რეზოლუცია, რა თქმა უნდა, სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა ზოგადად ამ თემის გაჟღერება, პირველ რიგში პოლიტიკური განაცხადია, რომელიც ქვეყანას დიდ ზიანს აყენებს.

SWIFT-იდან ჩახსნის მაგალითებს თუ გავიხსენებთ, ეს ჩვენთვის სახარბიელო არ იქნება, რადგან ასეთი შემთხვევა რუსეთში და ირანში მოხდა, თუმცა ყველა რუსული ბანკი ჩახსნილი ჯერ კიდევ არ არის.

SWIFT-იდან ჩახსნის გადაწყვეტილების მიღება მარტივად არ ხდება, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ ევროკავშირის წევრ ქვეყნებს საკმაოდ დიდი ძალისხმევა დასჭირდათ, რომ რუსეთის ბანკების ნაწილი მაინც ჩაეხსნათ სისტემიდან. რუსეთიც და ირანიც დიდი ქვეყნებია, ისინი სანქციების რეჟიმში ცხოვრებას მიჩვეული არიან.

საქართველოს საბანკო სისტემას რაც შეეხება, მეეჭვება ეს ყველა ბანკს ემუქრებოდეს, განსაკუთრებით მსხვილ ქართულ ბანკებს, რომლებსაც დასავლელი ინვესტორები ჰყავთ. არ გამოვრიცხავ რეზოლუციის მოთხოვნა შეეხოს პოლიტიკასთან მჭიდროდ დაკავშირებულ და ბიძინა ივანიშვილის კუთვნილ „ქართუს; თუმცა ამ გადაწყვეტილებამდე ჯერჯერობით ისევ დიდი დროა“,- აღნიშნა კეპულაძემ.

ევროკავშირის რეზოლუციას მალევე მოჰყვა ეროვნული ბანკის პასუხიც.  სებ-ში განმარტავენ, რომ საქართველოს საბანკო-საფინანსო სექტორი განუხრელად იცავს როგორც ქართულ კანონმდებლობას, ასევე საერთაშორისო სანქციების რეჟიმებს, ამიტომაც SWIFT-დან ქართული საფინანსო სისტემის გათიშვის საფუძველი არ არსებობს .

კეპულაძის განმარტებით, SWIFT-იდან ჩახსნაზე, გადაწყვეტილება ძირითადად პოლიტიკური ნიშნით მიიღება, მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ იმ ფონს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან თანამშრომლობა მნიშვნელოვნად დააზარალა.

„გასაგებია, რომ შესაძლოა რომელიმე კომპანია სრულად აკმაყოფილებდეს საინვესტიციო სტანდარტებს, თუმცა მეორეა, როცა საერთაშორისო ინვესტორები ფიქრობენ, შევიდნენ თუ არა იმ ქვეყანაში, რომელმაც ბოლო ორ წელიწადში ძალიან ბევრი დააშავა და გააფუჭა ურთიერთობები მოკავშირეებთან: დიდ ბრიტანეთთან, ევროკავშირთან და აშშ-სთან.

ვნახე ეროვნული ბანკის განცხადება, სადაც ტექნიკურ სისტემაზე და ფულის გათეთრების აღკვეთაში ჩართვაზე წერენ, მაგრამ SWIFT-იდან ჩახსნის გადაწყვეტილება ფინანსური ან ეკონომიკური მოტივებით არ მიიღება. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა, რომელსაც სულ რომ საუკეთესო შედეგები ჰქონდეს ქვეყანას მაინც მიიღებენ, თუ პოლიტიკური საფუძველი არსებობს“, - აღნიშნა გიორგი კეპულაძე.