თბილისი (GBC) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ივნისში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა  და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის რვა ფაქტი, რაზეც ბრალი წარედგინა ექვს პირს, რომელთაგან სამი დაკავებულია.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ზემოაღნიშნული პირებისგან ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების 46 501 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 227 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ექვსიდან რვა წლამდე ვადით.