თბილისი (GBC) - „თბილისის ფინანსური სამიტი”თბილისის ოპერის და ბალეტის სახელმწიფო თეატრში ხუთშაბათს ოფიციალურად გაიხსნა. 

სამიტი, რომელიც წელს პირველად ტარდება,"აბრეშუმის გზის ფორუმის ფარგლებში", სების პრეზიდენტმა გახსნა. დელეგატებს მიესალმა ირაკლი კობახიძე და შალვა პაპუაშვილი. სიტყვით ასევე მიმართა ეკონომიკის მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა.

თბილისის ფინანსურ სამიტს ესწრებიან რეგიონის ქვეყნების ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელები, საერთაშორისო ინვესტორები, ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები და ფინტექ ინდუსტრიის ლიდერები.

"სიმბოლურია, რომ თბილისის ფინანსური სამიტი აბრეშუმის გზის საერთაშორისო ფორუმის პარალელურად იმართება, რადგან საქართველომ უკვე დაიმკვიდრა თავი როგორც ძლიერმა რეგიონულმა ჰაბმა ვაჭრობის, ტრანსპორტის და ენერგეტიკის სექტორში, ახლა კი დგას საქართველოს ასეთივე ძლიერ ფინანსურ ჰაბად ჩამოყალიბების აუცილებლობა და წინაპირობაც”, - აღნიშნა ნათია თურნავამ.

თბილისის ფინანსური სამიტის ერთ-ერთი თანაორგანიზატორია „გლობალური ფინანსური და ტექნოლოგიური ქსელი“ (GFTN), რომელიც წარმოადგენს წამყვან საერთაშორისო ქსელს ფინანსური ტექნოლოგიების სფეროში და აერთიანებს ფინანსურ ინსტიტუტებს, ფინტექ კომპანიებსა და ინვესტორებს ევროპისა და აზიის ქვეყნებიდან.

თურნავა მოხარულია, რომ წამყვან გლობალურ პლატფორმას ახლა საქართველოც უერთდება.