თბილისი (GBC) - აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ სერიოზულად განიხილავს ალიანსიდან ქვეყნის გასვლის შესაძლებლობას და NATO-ს კვლავ „ქაღალდის ვეფხვი“ უწოდა.

The Telegraph-ის ჟურნალისტმა ტრამპს ჰკითხა, გადახედავდა თუ არა აშშ-ის წევრობას NATO-ში ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის შემდეგ. ტრამპმა უპასუხა: "დიახ, მე ვიტყოდი, რომ საუბარია იმაზე მეტზე, ვიდრე უბრალოდ გადახედვაა. NATO-ს გავლენის ქვეშ არასდროს ვყოფილვარ. ყოველთვის ვიცოდი, რომ NATO „ქაღალდის ვეფხვია“ და, სხვათა შორის, პუტინმაც იცის ეს“.

გარდა ამისა, მან კვლავ გააკრიტიკა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი ირანის წინააღმდეგ ამერიკულ-ისრაელურ ომში ჩართვაზე უარის თქმის გამო და მიანიშნა, რომ სამეფო ფლოტი ამ ამოცანისთვის მზად არ არის.

„თქვენ ფლოტიც კი არ გყავთ. თქვენ ზედმეტად მოძველდით, გქონდათ ავიამზიდები, რომლებიც არ მუშაობდა“, - განაცხადა მან. ასევე, ამერიკის პრეზიდენტმა შეაქო აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო იმის გამო, რომ ისიც NATO-ში აშშ-ის წევრობის წინააღმდეგ გამოდიოდა.

მანამდე ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა შესაძლოა უარი თქვას NATO-ს მოკავშირეების დაცვის პირობაზე მათზე თავდასხმის შემთხვევაში.

აშშ-ის პრეზიდენტმა NATO-ს ასევე უწოდა „ქაღალდის ვეფხვი“ და აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები დაიმახსოვრებს მოკავშირეების „უმოქმედობას“ ირანის წინააღმდეგ ომში.