თბილისი (GBC) - "თიბისი კაპიტალის" მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, 2026 წლის თებერვალში, სასტუმროებში გაწეული უნაღდო დანახარჯები, თიბისი ბანკის არხებით, წლიურ ჭრილში 30%-ით გაიზარდა, ხოლო ერთ ტრანზაქციაზე საშუალო დანახარჯმა 421 ლარი შეადგინა.
ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით, სასტუმროებში ჯამურ უნაღდო დანახარჯებში რეზიდენტებისა და არარეზიდენტების წილებმა, შესაბამისად, 17% და 83% შეადგინა.
2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები სასტუმროებში წლიურად 12%-ით გაიზარდა, რაც შეეხება საშუალო დანახარჯს, მაჩვენებელი 164 ლარს გაუტოლდა.
სასტუმროებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები გასული წლის თებერვალთან შედარებით 34%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო ტრანზაქციის მოცულობამ 621 ლარი შეადგინა.
"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 34%-ით გაიზარდა. საშუალო ტრანზაქციის მოცულობა 36 ლარს გაუტოლდა.
ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით რესტორნებში გაწეული უნაღდო დანახარჯების 68% რეზიდენტებმა, ხოლო დარჩენილი 32%-იანი წილი არარეზიდენტებმა დაიკავეს.
2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, რესტორნებში რეზიდენტების უნაღდო დანახარჯები 25%-ით გაიზარდა 2025 წლის თებერვალთან შედარებით. საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 27 ლარი დაფიქსირდა.
ამავე თვეში, რესტორნებში არარეზიდენტების უნაღდო დანახარჯები წლიურ ჭრილში 59%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი 126 ლარს გაუტოლდა.