თბილისი (GBC) – მომხმარებლის დანახარჯების დინამიკის მიმოხილვის მიხედვით, რომელიც "თიბისი კაპიტალმა" მოამზადა, 2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯები და უნაღდო ტრანზაქციების რაოდენობა წლიურად, შესაბამისად, 20 და 19%-ით გაიზარდა.

ამავე პერიოდში, თიბისი ბანკის არხებით გაწეული ჯამური უნაღდო დანახარჯების 85%-იანი წილი რეზიდენტებმა, ხოლო 15%-იანი წილი არარეზიდენტემბა დაიკავეს.

2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, სურსათზე გაწეულმა ხარჯებმა ჯამურ უნაღდო დანახარჯებში 29%-იანი წილი, ხოლო რესტორნებში დანახარჯებმა 16%-იანი წილი დაიკავა.

ამავე თვეში, სურსათზე უნაღდო დანახარჯები წლიურად 21%-ით გაიზარდა, ხოლო საშუალო დანახარჯი ერთ ტრანზაქციაზე 17 ლარი დაფიქსირდა. სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე ინფლაციამ 10% შეადგინა.

"თიბისი კაპიტალის" მიმოხილვის თანახმად, 2026 წლის თებერვალში, თიბისი ბანკის არხებით, ჯამური უნაღდო დანახარჯების განაწილებამ სამომხმარებლო საქონელსა და მომსახურებაზე, შესაბამისად, 61% და 39% შეადგინა.

ამავე თვეში, თიბისი ბანკის არხებით საქონელზე გაწეულ ჯამურ უნაღდო დანახარჯებში სურსათზე გაწეული ხარჯების წილმა 47% დაიკავა.