თბილისი (GBC) – 2023 წლის 6 თვის განმავლობაში ქონების დაზღვევის სახეობაში 18 სადაზღვევო კომპანიის მიერ მოზიდულმა ჯამურმა პრემიამ 65.9 მლნ ლარი შეადგინა, მაჩვენებელი 2022 წელთან შედარებით ფაქტობრივად არ შეცვლილა.
ქონების დაზღვევის სახეობებში ლიდერი „ალდაგია“, კომპანიის მოზიდულმა პრემიამ 2023 წლის 6 თვეში 31 მლნ ლარი შეადგინა, რაც ბაზრის 47%-ია მეტია. მეორე ადგილზე 10.8 მლნ ლარით „თიბისი დაზღვევაა“, მესამეზე კი 8 მლნ ლარით „უნისონი“. „უნისონი“ 2022 წელს სახეობაში მეორე ადგილს იკავებდა, თუმცა წელს პოზიცია დაკარგა და მისი ადგილი „თიბისიმ“ დაიკავა.
ქონების დაზღვევის მაჩვენებლები „კომერსანტთან“ სადაზღვევო კომპანიების ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ დევი ხეჩინაშვილმა შეაფასა და აღნიშნა, რომ საქართველოში ქონების მზღვეველები ან კორპორაციული კლიენტები არიან, ან ის მოქალაქეები, რომლებსაც იპოთეკური დაკრედიტების ვალდებულებების გამო ბანკები აზღვევენ. შესაბამისად, საქართველოში ქონების დაზღვევა ევროპასთან შედარებით 3-ჯერ ნაკლებია და ეს კულტურა ჯერ კიდევ არ გვაქვს.
მისი თქმით, ცალკეული შემთხვევების გარდა, საქართველოში ქონებას ნებაყოფლობით არავინ აზღვევს, ამიტომ წარმოდგენაც რთულია, რა მდგომარეობაში აღმოჩნდებიან მოქალაქეები, თუკი ქვეყანაში დიდი მიწისძვრა მოხდება, განსაკუთრებით ურბანულ დასახლებაში.
commersant.ge