თბილისი (GBC) - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაერთიანებული სამეფოს ელჩთან გარეტ უორდისთან შეხვედრა გაიმართა. დიპლომატი უწყებაში მას შემდეგ დაიბარეს, რაც ლონდონმა ქართულ ტელეკომპანიებს - „იმედსა“ და POSTV-ს - მძიმე ფინანსური და ადმინისტრაციული სანქციები დაუწესა.

საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილსა და ბრიტანელ დიპლომატს შორის აუდიენცია დაახლოებით 40 წუთს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩმა მედიასთან კომენტარისგან თავი შეიკავა, თუმცა მინისტრმა საუბრის დეტალები მკაცრად შეაფასა. ბოჭორიშვილის განცხადებით, მან ელჩისგან მოისმინა შეფასებები, რომელსაც ეფუძნება ლონდონის გადაწყვეტილება, თუმცა ვერ მოისმინა არგუმენტები, თუ რას ეფუძნება თავად ეს შეფასებები.

„40 წუთის განმავლობაში მე არ მომისმენია არცერთი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ლონდონმა მიიღო. ასეთი მტკიცებულება ან ასეთი დოკუმენტი მე არ მინახავს. ბუნებრივია, არაფერი ყოფილა კონკრეტული წარმოდგენილი“, - განაცხადა მინისტრმა.

ბოჭორიშვილის თქმით, ეს გადაწყვეტილება, სავარაუდოდ, თბილისიდან გაგზავნილ ინფორმაციას ეფუძნებოდა, რადგან, მისივე შეფასებით, რთული წარმოსადგენია, ლონდონში ვინმე ამ ტელეარხებს უყურებდეს.

24 თებერვალს დიდმა ბრიტანეთმა „იმედსა“ და POSTV-ს სანქციები „რუსული დეზინფორმაციის გავრცელებაში ჩართულობის“ მოტივით დაუწესა. ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, აღნიშნული მედიასაშუალებები უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის შესახებ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას განზრახ ავრცელებენ. დაწესებული შეზღუდვები მოიცავს აქტივების გაყინვას, ფინანსური მომსახურების აკრძალვასა და დირექტორების დისკვალიფიკაციას.