თბილისი (GBC) - ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტი „ბათუმელების” დამფუძნებლის მზია ამაღლობელისთვის თავისუფლების 2 წლის ვადით აღკვეთის შეფარდებას ეხმაურება: "ღრმად შეშფოთებულები ვართ საქართველოში ანტიდემოკრატიული ქმედებების გაგრძელებითა და გაზრდით, მათ შორის პოლიტიკური ოპოზიციის წარმომადგენლების დაკავებით და სამოქალაქო საზოგადოების, მათ შორის მთავრობის ქმედებების მიმართ კრიტიკულად განწყობილი პირების მიზანმიმართული შევიწროებით".

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, შემაშფოთებელია, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, შერჩევით იყენებს „საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ”.

„ჩვენ სერიოზულად გვაშფოთებს, რომ საქართველო ახლახან მიღებულ კანონმდებლობას, მათ შორის გრანტების შესახებ კანონში შესწორებებს, შერჩევით იყენებს საქართველოს მთავრობის ფაქტობრივი ან სავარაუდო კრიტიკოსების წინააღმდეგ, რითაც ზედმეტად ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებასა და სამოქალაქო საზოგადოების ფუნქციონირებას", - განაცხადეს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ტელეკომპანია "ფორმულას” კითხვის საპასუხოდ.

მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 6 აგვისტოს „ბათუმელები”/„ნეტგაზეთის” დამფუძნებელს მზია ამაღლობელს 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.

სახელაშვილმა მზია ამაღლობელს ბრალი გადაუკვალიფიცირა.

კერძოდ, მას მსჯავრი წარუდგინა სისხლის სამართლის კოდექსის 353ე მუხლით, რომელიც ითვალისწინებს წინააღმდეგობას, მუქარას ან ძალადობას საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ.