თბილისი (GBC) - სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა. მეორე ინსტანციამ ნაწილობრივ დააკმაყოფილა კომპანია „ჩირინას“ საჩივარი, შედეგად: სასამართლომ გააუქმა ვალდებულება, რომელიც „ჩირინას“ აკისრებდა „ყვარლის ბაგისთვის“ მიუღებელი შემოსავლის - 3.1 მილიონამდე ლარის - გადახდას; მეორე მხრივ, სასამართლომ ძალაში დატოვა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მეფრინველეობის ფერმამ „ყვარლის ბაგას“ საქონლის სიკვდილიანობით მიღებული ზარალი - ₾1,6 მლნ - უნდა აუნაზღაუროს.
სააპელაციო სასამართლომ 7 აგვისტოს სხდომაზე მხოლოდ შედეგი გამოაცხადა, დასაბუთებული გადაწყვეტილება კი მხარეებს მოგვიანებით გადაეცემათ.
კომპანია „ჩირინა“ არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას და საქმეს უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებს.
„საქმეში არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს, რომ „ჩირინამ“ „ყვარლის ბაგასთან“ გაფორმებული ხელშეკრულების რომელიმე პუნქტი დაარღვია. ერთი მხრივ, სააპელაციო სასამართლომ დაამტკიცა, რომ ჩვენ „ყვარლის ბაგის“ მიუღებელ ზარალში არაფერ შუაში ვართ და დავალიანება ₾1.6 მლნ-მდე შეამცირა, მაგრამ ჩვენ აქაც გვაქვს კითხვები, რადგან „ჩირინას“ ძროხების სიკვდილიანობაში ბრალი არ მიუძღვის. მოსამართლეებმა გადაწყვიტეს, რომ ჩვენ დავარღვიეთ ხელშეკრულება, მაგრამ დარწმუნებული ვარ, უზენაესი სასამართლო ამასაც გააუქმებს. დაველოდებით მოსამართლეების მიღებულ გადაწყვეტილებას დოკუმენტურად და ამ გადაწყვეტილებას მომდევნო ინსტანციაში გავასაჩივრებთ“, - თქვა რევაზ ვაშაკიძე, „ჩირინას“ დამფუძნებელმა.
მეორე ინსტანციის სასამართლო განიხილავდა საქმეს - „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ ₾4.7 მლნ-ის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს.
სასამართლო პროცესი „ყვარლის ბაგა“ „ჩირინას“ წინააღმდეგ მიმდინარეობდა, რომლის ფარგლებშიც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ ₾4.7 მლნ-ის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა.
აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.
ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის „ყვარლის ბაგა“ ირწმუნება, რომ 200-მდე სული ძროხა მას შემდეგ დაეხოცა, რაც „ჩირინასგან“ ნაყიდი ქათმის სკინტლი აჭამეს. სარჩელი ეფუძნებოდა მტკიცებას, თითქოს „ყვარლის ბაგამ“ შეძენილ ნაკელში აღმოაჩინა „აკრძალული ვეტ-პრეპარატი“ ტეტრაციკლინი, რომლის გამოყენებაც არ არის აკრძალული საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით და “ყვარლის ბაგა“ თავადაც იყენებს. კომპანია „ჩირინა“ კატეგორიულად უარყოფს ბრალდებებს და შესაბამისი დოკუმენტაციით ამტკიცებს, რომ კომპანიას არ დაურღვევია არც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და არც მოქმედი კანონმდებლობა. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება კი ეყრდნობოდა სამართლებრივად გაუმართლებელ დაშვებებსა და არასწორ ინტერპრეტაციებს.