თბილისი (GBC) - Georgia Capital PLC-ის (GCAP) CEO-მ ირაკლი გილაურმა ინვესტორებს ახალი, ₾700 მლნ-იანი კაპიტალის დაბრუნების პროგრამის შესახებ აცნობა, რომელიც 2027 წლის ბოლომდე იმოქმედებს. 

„ვაცხადებთ ახალი, ₾700 მლნ-ის მოცულობის კაპიტალის დაბრუნების პროგრამის დაწყებას, რომლის განხორციელებასაც ვგეგმავთ 2027 წლის ბოლომდე. პროგრამა მოიცავს კაპიტალის დაბრუნებას აქციების უკან გამოსყიდვის, დივიდენდების გადახდისა და არსებული, მდგრადობაზე მიბმული ადგილობრივი ობლიგაციების (რომლებიც 2028 წელს იწურება) მაქსიმუმ $150 მლნ-ის ოდენობით ვადამდე წინასწარ დაფარვის მეშვეობით“, - აცხადებს გილაური.

მისივე თქმით, პროგრამის დაწყება მხარდაჭერილია GCAP-ის წმინდა აქტივების კაპიტალთან (NCC) შეფარდების მნიშვნელოვანი გაუმჯობესებით, რომელიც 2025 წლის მეორე კვარტალში რეკორდულად დაბალ ნიშნულზე — 7%-ზე დაფიქსირდა.

პროგრამის დაფინანსება იგეგმება არსებული ძლიერი ლიკვიდური სახსრებისა და GCAP-ის მიერ გენერირებული მყარი თავისუფალი ფულადი ნაკადების კომბინაციით (საერთო ჯამში, პროგრამის მთლიანი პერიოდის განმავლობაში, ამ ორზე დაფუძნებული რესურსი ₾700 მლნ-ს გადააჭარბებს), - აცხადებს გილაური.

ახალი პროგრამის განხორციელება მიმდინარე აქციების გამოსყიდვისა და გაუქმების პროგრამის დასრულების შემდეგ, მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყება, საწყისი $50 მლნ-ის აქციების გამოსყიდვის პროგრამით.

ასევე, 2025 წლის სექტემბერში, GCAP გეგმავს ისარგებლოს ოფციონით და ვადამდე გამოისყიდოს მინიმუმ $50 მლნ-ის ღირებულების ადგილობრივი ჰოლდინგის ობლიგაციები, რომელთა მთლიანი მოცულობა $150 მლნ-ს შეადგენს.