თბილისი (GBC) – საქართველოს ეროვნულმა ბანკმა (სებ) 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად სები განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ისეთი გრძელვადიანი პოლიტიკის შემუშავებას, რომელიც ეკონომიკის ინკლუზიურ და მდგრად ზრდაზეა ორიენტირებული.
სების ცნობით, გასული წლების გამოცდილებამ ცხადყო, რომ საზედამხედველო სტრატეგია როგორც ეროვნული ბანკისთვის, ისე საფინანსო სექტორის წარმომადგენლებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვან საორიენტაციო დოკუმენტად იქცა. იგი ხელს უწყობს ეროვნული ბანკის საქმიანობის ეფექტიან დაგეგმვას, თანამშრომლებისთვის სამომავლო ხედვის ცხადად ჩამოყალიბებას, სექტორისთვის კი პროგნოზირებადობის ზრდას. ამასთან, დოკუმენტი უზრუნველყოფს ინვესტორებისთვის, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისა და სარეიტინგო კომპანიებისთვის, მოსახლეობისა და სხვა დაინტერესებული მხარეებისთვის საზედამხედველო პრიორიტეტებსა და გეგმებზე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას.
2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგია, რომელზეც მუშაობა ეროვნულმა ბანკმა კერძო და სამოქალაქო სექტორის აქტიური ჩართულობით წარმართა, 2023 წელს გამოქვეყნდა და ყოველწლიურად, შესაბამისი წლის გამოცემით ახლდება.
როგორც 2023-2025 წლების საზედამხედველო სტრატეგიაშია აღნიშნული, ეროვნული ბანკის საზედამხედველო პრიორიტეტები სამი წლის მანძილზე უცვლელი იქნება. შესაბამისად, ეროვნული ბანკი თავის საზედამხედველო პოლიტიკას კვლავ შემდეგი ხუთი პრიორიტეტის გათვალისწინებით წარმართავს:
- საფინანსო სექტორის რისკების მართვის ჩარჩოს გაუმჯობესება და შედეგებზე პროაქტიური რეაგირება;
- საფინანსო სექტორში კონკურენციის ხელშეწყობა;
- ფინანსური ინოვაციების წახალისება და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარება;
- საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება;
- ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციის გაძლიერება და გამჭვირვალობის ზრდა.
საზედამხედველო სტრატეგიის 2025 წლის გამოცემაში მთავარ აქცენტები კეთდება საზედამხედველო პრიორიტეტების მიღწევის სამოქმედო გეგმაზე, შესაბამის აქტივობებსა და მათი შესრულების ვადებზე, ასევე, საზედამხედველო სტრატეგიის შესრულების 2024 წლის ანგარიშზე.
ამასთან ეროვნული ბანკი ახალი საზედამხედველო სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს, რომელშიც მომდევნო სამი წლის (2026-2028 წწ.) ახალი სტრატეგიული პრიორიტეტები, შესაბამისი ამოცანები და სამოქმედო გეგმა იქნება გათვალისწინებული. ახალი დოკუმენტის მომზადების პროცესი ამჯერადაც დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობით წარიმართება.