თბილისი (GBC) - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) გიორგი ბაჩიაშვილი გუშინ, 26 მაისს დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.
„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 26 მაისს განხორციელებული ანონიმური შეტყობინებით ცნობილი გახდა, რომ წითელი ხიდისა და სადახლოს შორის არსებული ე.წ. მწვანე საზღვრის მონაკვეთის მიმდებარედ გადაადგილდებოდა წითელი ცირკულარით ძებნილი და მსჯავრდებული საქართველოსა და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქე გიორგი ბაჩიაშვილი.
გატარებული საგამოძიებო და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად ზემოაღნიშნული პირი დაკავებულ იქნა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას გულისხმობს და სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით სამიდან ხუთ წლამდე ითვალისწინებს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლებს გაწეული დახმარებისთვის“, - ვკითხულობთ სუს-ის განცხადებაში.
გუშინ, 26 მაისს, ბრიტანულმა გამოცემა The Guardian-მა გიორგი ბაჩიაშვილთან ჩაწერილი ინტერვიუ გამოაქვეყნა. სათაურით „ვიცოდი, რომ ციხეში მოვკვდებოდი - როგორ აღმოჩნდა მიმალვაში საქართველოს დე-ფაქტო მმართველის მარჯვენა ხელი“.
სტატიაში ბაჩიაშვილი საქართველოდან გაქცევის ახალ დეტალებზე საუბრობდა, ასევე, ბიძინა ივანიშვილზეც.
The Guardian-ის სტატიაში ბაჩიაშვილმა დაადასტურა ის, რაზეც აქამდე მისი ადვოკატი საუბრობდა, რომ მისი მოკვლის ბრძანება იყო გაცემული. მისივე თქმით, საუბარია „ჯგუფებზე ჩრდილოეთ კავკასიიდან, სავარაუდოდ, ჩეჩნებზე“.
იგი ასევე ვარაუდობს, რომ ამის უკან ბიძინა ივანიშვილი არ დგას:
„ვშიშობ, ეს ბრძანება შეიძლება მოდიოდეს საიდუმლო სამსახურებისგან ან რომელიმე ქვეყნის გარკვეული ძალებისგან, რომელთაც სურთ ივანიშვილის უფრო დასუსტება. თუ მას მკვლელობას „შეტენიან“, მაშინ გაცილებით ნაკლები შანსი იქნება იმისა, რომ ივანიშვილს აშშ-სთან ნორმალური დიალოგი ჰქონდეს, ან ის უფრო მეტად წამოეგება ანკესზე“, - უთხრა მან ბრიტანულ გამოცემას ["რადიო თავისუფლების" თარგმანი].
ე.წ. „ბიტკოინების საქმეზე” გიორგი ბაჩიაშვილს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. მან განაჩენის გამოცხადებამდე, 4 მარტს განაცხადა, რომ ქვეყანას ტოვებდა.