თბილისი (GBC) – „ქართულ ოცნებას“ გრანტებთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები კიდევ ერთხელ შეაქვს. პარლამენტს განსახილველად კანონში ცვლილებების პროექტი წარედგინა, რომლის თანახმად, ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის პროგრამის, “ჰორიზონტი ევროპა“ (Horizon Europe) და ევროკავშირის პროგრამა “ერასმუს+“ (Erasmus+) ფარგლებში გაცემული გრანტები მთავრობის მხრიდან თანხმობის გაცემის ვალდებულებას აღარ დაექვემდებარება.

კანონპროექტის ინიციატორები “ქართული ოცნების“ დეპუტატები არიან. ინიციატორთა მხრიდან მოთხოვნილია მისი დაჩქარებული წესით განხილვა.

“ქართულმა ოცნებამ“ “გრანტების შესახებ” კანონში შეიტანა ცვლილებები, რომლის მიხედვით, გრანტის გაცემისთვის აუცილებელია მთავრობის ან მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი პირის/ორგანოს თანხმობა. თანხმობის გარეშე გრანტის მიღება აკრძალულია.

უნებართვო გრანტის გაცემისა და მიღების მონიტორინგი ანტიკორუფციულ ბიუროს დაევალა.