თბილისი (GBC) - ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის, რაც მას უთხრა მაკრონმა ალბანეთში, "თავის არსით წინააღმდეგობაშია გუშინ გავრცელებულ განცხადებასთან, აქედანაც ჩანს, რომ ადამიანები დამოუკიდებლად ვერ იღებენ გადაწყვეტილებებს". ამით კობახიძე გამოეხმაურა „ვაიმარის სამკუთხედის“ (გერმანიის, პოლონეთისა და საფრანგეთის) წევრი ქვეყნების ლიდერების ერთობლივ განცხადებას, სადაც მათ დაგმეს საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედება, "რომელმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა".

კობახიძემ დასძინა, რომ „ჯერ მარტო ეტიკეტის ამბავია, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ასეთი ტიპის განცხადება არ გაავრცელო". 

მისივე თქმით, „ვაიმარის სამკუთხედის“ ლიდერები არც პროტოკოლს იცავენ და არც ეტიკეტს. სწორედ ამიტომ, კობახიძეს მიაჩნია, რომ "ისინი რეალურად ვერ მოქმედებენ საკუთარი ობიექტური ინტერესების შესაბამისად და მათ უწევთ ისეთი ხაზით მუშაობა, რაც არ შეესაბამება მათ ინტერესებს".

კობახიძის აზრით, ეს ერთდროულად დასანანი და სამწუხაროა.

"ევროპაში მძლავრობს, რა თქმა უნდა, დიფ სთეითი, პირდაპირ ჩანს ეს ყველაფრიდან“, – თქვა მან.

ორშაბათს, 26 მაისს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა დონალდ ტუსკიმ და გერმანიის კანცლერმა ფრიდრიხ მერცმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, სადაც მათ ქართველ ხალხს მიმართეს. 

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გვსურს ქართველ ხალხს მივმართოთ მეგობრობისა და სოლიდარობის გზავნილით და კიდევ ერთხელ დავადასტუროთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენი ურყევი მხარდაჭერა”, - ვკითხულობთ განცხადებაში.

ხალხის მისწრაფებების მხარდაჭერასთან ერთად, სამი ქვეყნის ლიდერი გმობს საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს, რომლებმაც მათი აზრით, "დემოკრატიის უკუსვლა მოიტანა".

მხარს ვუჭერთ საქართველოს ხალხის დემოკრატიულ და ევროპულ მისწრაფებებს. ეს მისწრაფებები ასახავს ევროპული ოჯახის ნაწილად ყოფნის სურვილს. შესაბამისად, ჩვენ ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა და თავდასხმებს სამოქალაქო საზოგადოებაზე, მედიასა და ხელისუფლების კრიტიკოსებზე”, - წერია „ვაიმარის სამკუთხედის“განცხადებაში.

გერმანიის, საფრანგეთისა და პოლონეთის ლიდერების განცხადება კი ასე სრულდება: “საქართველოს ხალხს არ უნდა წაერთვას ქვეყნის ევროპულ გზასთან დაკავშირებული შესაძლებლობები”.

ინფორმაციისთვის, "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების ლიდერებს, როგორც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ისე მის შემდეგაც არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება "ქართული ოცნების" ხელისუფლების "ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების მიმართ აგრესიული რიტორიკის" გამო.

ინფორმაციისთვის, 21 მაისს, ირაკლი კობახიძე ირწმუნებოდა, რომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მაკრონს და მას ერთ აღქმა ჰქონდათ. 

მაკრონთან ხანმოკლე საუბარი იყო. ჩვენ აღქმასთან დაკავშირებით შევჯერდით. ზოგადად, შემიძლია გითხრათ, რომ გვაქვს საერთო აღქმა, თუ როგორ ვითარდება საქართველოში პროცესები. კონკრეტიკაში ვერ შევალ, რადგან ეს არის ორ ადამიანს შორის საუბარი. ამის გახმოვანების საშუალება არა გვაქვს, მაგრამ შემიძლია დაგიდასტუროთ, რომ ჩვენი აღქმა საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით არის ანალოგიური“, - აცხადებდა მაშინ კობახიძე.