თბილისი (GBC) – ევროკავშირმა საქართველოს მშვიდობის მხარდაჭერის ინსტრუმენტის  (European Peace Facility) სახით 30 მლნ ევრო გამოუყო. ამის შესახებ რადიო თავისუფლების ევროპის რედაქტორმა რიკარდ იოზვიაკმა განაცხადა.

„ევროკავშირის ელჩებმა მწვანე შუქი აუნთეს საქართველოსთვის 30 მლნ ევროს გამოყოფას, ქვეყნისთვის ევროპული მშვიდობის ფონდის ფარგლებში არალეტალური დახმარების სახით – ეს იგივე არასაბიუჯეტო მექანიზმია, რომელიც უკრაინის შეიარაღებისთვის ხარჯების დაფარვას ხმარდება“, – წერს რედაქტორი სოციალურ ქსელში X.

გარდა ამისა, ჟურნალისტის ინფორმაციით, ბრიუსელში საქართველოში ინიციირებული „აგენტების“ კანონიც განიხილეს, რომელიც მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ორი მოსმენით უკვე მიიღო, საერთაშორისო კრიტიკისა და ადგილობრივი პროტესტის ფონზე.

იოზვიაკის მტკიცებით, ევროკავშირის 26 წევრი სახელმწიფოს ელჩები შეშფოთებას გამოთქვამენ საქართველოში დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონის“ გამო, ხოლო „უნგრეთი ჩუმადაა“.

„უახლოეს მომავალში შეიძლება გამოჩნდეს ევროკავშირის, და შესაძლოა ევროკომისიის განახლებული ინფორმაციაც იმის შესახებ, თუ რამდენად შეესაბამება აგენტების კანონი ევროკავშირში გაწევრიანების კრიტერიუმებს“, – დასძენს იოზვიაკი.