თბილისი (GBC) - International School of Economics-ის (ISET) ინფორმაციით, ინსტიტუტის ინგლისურენოვან საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე მისაღები სტუდენტების კვოტები მნიშვნელოვნად შემცირდა. განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება მიღებულია მიუხედავად პროგრამების მაღალი აკადემიური მაჩვენებლებისა და საერთაშორისო აღიარებისა.

GBC ISET-ის განცხადებას სრულად გთავაზობთ: 

"ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან საბაკალავრო პროგრამას, მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 40%-ით (165-დან 100-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:

  • ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამაა ქვეყანაში
  • ერთადერთია (ეკონომიკაში), რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან
  • 6 წელია ყველაზე მაღალქულიანი აბიტურიენტების #1 არჩევანია ეკონომიკაში
  • სტუდენტების 98%-ს სახელმწიფო გრანტი აქვს მოპოვებული
  • სტუდენტების 54%, ანუ ყოველი მეორე, სკოლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია
  • აქვს კურსდამთავრებულების 99%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.

ISET-ის ეკონომიკის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 50%-ით (30-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:

  • ერთადერთი საერთაშორისო აკრედიტაციის (FIBAA) მქონე ეკონომიკის სამაგისტრო პროგრამაა
  • ერთადერთია, რომელსაც ორმაგი დიპლომის პროგრამა აქვს ევროპულ უნივერსიტეტთან
  • 70-მდე კურსდამთავრებული სრული დაფინანსებით მიიღეს სადოქტორო პროგრამებზე, ამერიკისა და ევროპის წამყვანმა უნივერსიტეტებმა
  • აქვს კურსდამთავრებულების 98%-იანი დასაქმების მაჩვენებელი და ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნა.

ISET-ის ფინანსების ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას მისაღები სტუდენტების კვოტა შეუმცირდა 58%-ით (35-დან 15-მდე), მიუხედავად იმისა, რომ:

  • ერთადერთი პროგრამაა ქვეყანაში, რომელიც აფილირებულია CFA ინსტიტუტთან, რაც ამ სფეროს ოქროს სტანდარტია
  • პროგრამა 3 წლის წინ შეიქმნა, სწორედ ბაზრის მხრიდან ძალიან მაღალი მოთხოვნის საფუძველზე".