თბილისი (GBC) - ღვინის ეროვნული სააგენტოს და საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, ქართული ღვინო მიმდინარე კვირაში საფრანგეთში ორ მნიშვნელოვან საერთაშორისო გამოფენაზე იყო წარმოდგენილი. ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტო წერს.
ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში RAW Wine Paris ქვევრის ღვინის მწარმოებელი 9 მარანი მონაწილეობდა, ხოლო ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების მასშტაბურ საერთაშორისო გამოფენაზე Wine Paris ქართული ღვინის მწარმოებელი 30-მდე კომპანიის პროდუქცია იყო წარმოდგენილი.
Wine Paris მსოფლიო მასშტაბით ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა ღვინის ინდუსტრიაში, სადაც, ტრადიციულად, ათასობით ვიზიტორთან ერთად, თავს იყრიან ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები და მედიის წარმომადგენლები.
ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ასევე ერთ-ერთი გამორჩეული საერთაშორისო გამოფენაა RAW Wine, სადაც მაღალი ხარისხის ბუნებრივი, ორგანული და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებლები იკრიბებიან. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის მაგისტრი საფრანგეთიდან იზაბელ ლეგერონი.
გამოფენების მიმდინარეობისას, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ და სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამთა ყველაიძემ შეხვედრები გამართეს სხვადასხვა ქვეყნის მარკეტინგული კომპანიების წარმომადგენლებთან.
გამოფენას Wine Paris საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საფრანგეთის რესპუბლიკაში, ირაკლი ყურაშვილი დაესწრო.
გამოფენაზე Wine Paris ქართულ სტენდს ეწვია და ქართული ღვინოები დააგემოვნა ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV) პრეზიდენტმა ჯონ ბარკერმა.
„მიმდინარე წლის ღვინის გამოფენები ტრადიციულად დაიწყო პარიზით. ორივე გამოფენა ქართველი მეღვინეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ქართული სტენდი მუდმივად ხალხმრავალი იყო ვიზიტორებითა და პროფესიონალებით. აქ გამართული შეხვედრები და დამყარებული კონტაქტები ქართველ მეღვინეებს დაეხმარება ახალი სავაჭრო პარტნიორების მოზიდვასა და ღვინის ექსპორტის გაზრდაში.
ღვინის ეროვნული სააგენტო მიმდინარე წელსაც გააგრძელებს ქართველი მწარმოებლების მხარდაჭერას როგორც ტრადიციულ გამოფენებზე მონაწილეობის მისაღებად, ასევე მათი პროდუქციის წარსადგენად სხვადასხვა ფორმატის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლამ.