თბილისი (GBC) – საქართველოში გარე ძალების ორგანიზებით დაგეგმილი დესტაბილიზაციის მცდელობის შესახებ სუს–ის მიერ გავრცელებული განცხადების შემდეგ იგივე საკითხზე საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე და „ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი შალვა პაპუაშვილი აკეთებს ვრცელ განცხადებას. პარლამენტის სპიკერი „რადიკალურ ოპოზიციასა“ და „მის გარშემო ჩამოყალიბებულ ძალადობრივ ახალგაზრდულ დაჯგუფებებზე“ აკეთებს აქცენტს. 

პაპუაშვილის განცხადებას სრულად გთავაზობთ:

„2012 წლიდან, მშვიდობიანი პროტესტის, შეკრებისა და გამოხატვის უფლება საქართველოში უმაღლესი სტანდარტებით არის უზრუნველყოფილი, რაც უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმაც მკაფიოდ დაადასტურა.

ამასთან, სახელმწიფოს ეკისრება პასუხისმგებლობა, სამართლებრივი პრინციპების შესაბამისად დაუპირისპირდეს ყოველგვარ ძალადობას და კანონდარღვევას, რომელსაც არაფერი აქვს საერთო მშვიდობიან პროტესტთან, შეკრებასთან და გამოხატვასთან.

სამწუხაროდ, ვხედავთ, რომ რადიკალური ოპოზიცია და მის გარშემო ჩამოყალიბებული ძალადობრივი ახალგაზრდული დაჯგუფებები მოქმედებენ აკერმანისა და „კანვასის" ძალადობრივი პროტესტის ინსტრუქციის შესაბამისად და რეგულარულად მიმართავენ მოქმედების ძალადობრივ და სხვა კანონსაწინააღმდეგო ფორმებს, აღვივებენ ზიზღს, ამკვიდრებენ მტრულ რიტორიკას.

ბოლო კვირების განმავლობაში, საზოგადოებამ იხილა პარლამენტის შენობის ძალადობრივი შტურმი, სამართალდამცველებზე თავდასხმა, კანონსაწინააღმდეგო მეთოდებით მოქალაქეების გადაადგილების შეზღუდვა და ამით უკმაყოფილო მოქალაქეებზე ფიზიკური და სიტყვიერი ძალადობა, აგრეთვე მუქარა და შანტაჟი, რომელსაც ისინი ხელოვანების, სპორტსმენების, პოლიტიკოსების და საზოგადოების სხვა ცნობილი წარმომადგენლების და მათი ოჯახის წევრების მიმართ იყენებენ.

ეს ყველაფერი გასცდა მშვიდობიანი პროტესტის იმ კულტურას, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის ამაყობდა, და რომლის დანგრევასაც წლებია ცდილობს „ნაციონალური მოძრაობა".

გუშინ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ დაადასტურა „ნაციონალური მოძრაობის" ძალადობრივი ბუნება და 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე დაადგინა პარლამენტზე ძალადობრივი შტურმის ფაქტი. მანამდე, სტრასბურგის სასამართლომ რადიკალურ ოპოზიციას ანალოგიური განაჩენი გამოუტანა 2019 წლის ნოემბერში პარლამენტის უკანონო პიკეტირების საქმეზე. იმავე სცენარით განხორციელდა პარლამენტზე და სამართალდამცავებზე თავდასხმა ბოლო დღეებში მიმდინარე მიტინგებზეც. ამიტომ, დღეს უკვე საერთაშორისო სასამართლოს დონეზე „ნაციონალური მოძრაობა" არა მხოლოდ მოძალადე ხელისუფლებად, არამედ მოძალადე ოპოზიციადაც არის აღიარებული.

ამ მოცემულობიდან გამომდინარე, სახელმწიფო სტრუქტურებთან ერთად, მმართველ პარტიასაც ეკისრება პასუხისმგებლობა, დაიცვას მოქალაქეების, სამართალდამცავებისა და საზოგადოების გამორჩეული წევრების ლეგიტიმური ინტერესები.

ამ მიზნით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, პარტიული სტრუქტურების მეშვეობით, ვიწყებთ, მონაცემთა ბაზის შექმნას, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებს. ეს მონაცემთა ბაზა განთავსდება სპეციალურ ვებგვერდზე და იქნება საჯარო და გამჭვირვალე საქართველოს მოქალაქეებისთვის.

ამ პირთა წინააღმდეგ კონსტიტუციისა და კანონის ფარგლებში მიღებული იქნება ყველა ზომა, რათა კანონდარღვევა, ძალადობა და მუქარა არ დარჩეს სახელმწიფოს თუ საზოგადოების რეაგირების გარეშე.

დასასრულს, აღვნიშნავთ, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობისა და სიმშვიდის უზრუნველყოფაში და შესაბამისად, ე.წ. დეპოლარიზაციაში, რაც საქართველოს მიმართ ევროკავშირის ერთ-ერთი უმთავრესი მოთხოვნაა“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

სუს–ის განცხადება

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მანამდე, 8 აპრილის დილით გაავრცელა განცხადება, რომელშიც ირწმუნება, რომ გარკვეული ჯგუფები ცდილობენ პარლამენტთან აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, "რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით". როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, „აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში".

როგორც სუს-ის განცხადებაშია ნათქვამი, "აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი". მათივე განცხადებით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

უწყების ცნობითვე, საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები წარმოადგენენ.

„სახელმწიფო უსაფრთხოებისა და მოქალაქეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ინტერესებიდან გამომდინარე, გვსურს საზოგადოებას ვაცნობოთ, რომ მიღებული ინფორმაციით, პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას და რომელიც იმართება უცხო ქვეყნებიდან მომდინარე დაფინანსებით, საპარლამენტო და არასაპარლამენტო კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ. აღნიშნულ დანაშაულებრივ გეგმებში აქტიურად არიან ჩართული ქვეყნის გარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები, კერძოდ, უკრაინაში მებრძოლი ქართველების კონკრეტული ნაწილი, რომლებიც აცხადებენ მზადყოფნას, ჩამოვიდნენ საქართველოში და აქტიური მონაწილეობა მიიღონ პოლიციის წინააღმდეგ დაგეგმილ ძალადობაში. ზემოთ აღნიშნული პირები აქტიურ კომუნიკაციაში არიან საქართველოში მყოფ თავის თანამოაზრეებთან და განიხილავენ პარლამენტის, მთავრობის ადმინისტრაციისა და სხვა სამთავრობო შენობების ბლოკირების და პარალიზების გეგმებს.

კონკრეტული პირები აქტიურად განიხილავენ საჭიროების შემთხვევაში სპეციალური დანიშნულების რაზმზე იერიშის მიტანის გეგმებს, რასაც მოჰყვება სიტუაციის სრული დაძაბვა. სპეციალური დანიშნულების რაზმის და პოლიციის განეიტრალების მიზნით, დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზატორები, ხშირ შემთხვევაში რეალური მიზეზების გამხელის გარეშე, საპროტესტო მუხტის მატარებელ ახალგაზრდებს ავალებენ, პარლამენტის წინ მიიტანონ ადვილად აალებადი ნივთიერებები, რაც შემდგომში გამოყენებული იქნება ე.წ. „მოლოტოვის კოქტეილების“ დამზადების მიზნით, აგრეთვე, სამართალდამცავებთან დაპირისპირებისთვის გამოსაყენებლად გაცემული აქვთ აქციაზე ქვების და რკინის ხელკეტების ფარულად მიტანის დავალება.

მიმდინარე საპროტესტო აქციების მსვლელობისას მისი ორგანიზატორები მასობრივი არეულობის, ქაოსის და სამართალდამცავი ორგანოების პროვოცირების მიზნით, იმართებიან უცხოეთის ინსტრუქტორების მიერ გაცემული დავალებებით და აქტიურად იყენებენ ორგანიზაცია „CANVAS“-ის და პიტერ აკერმანის მიერ ჩატარებული ძალადობრივი სწავლებების მეთოდებს, რომლის მიზანია მიმდინარე პროცესების ე.წ. „მაიდანიზაცია“ და ქვეყანაში 90-იანი წლების სამოქალაქო დაპირისპირების მსგავსი მოვლენების პროვოცირება. აღნიშნული დესტრუქციული გეგმის ნაწილად, ცალკეული პოლიტიკოსები და აქციის რადიკალი ორგანიზატორები აუცილებლად მიიჩნევენ თბილისის სატრანსპორტო კვანძების პარალიზებას, სამთავრობო დაწესებულებებთან მისასვლელი და სტრატეგიული ობიექტების გზების ბლოკირება-ბარიკადირებას, რკინიგზის ბლოკირებას, ცენტრალურ გამზირებზე ე.წ. კარვების ქალაქების მოწყობას, სამართალდამცავი ორგანოების დისლოკაციის ბაზების ბლოკირებას. აღნიშნული დანაშაულებრივი გეგმების რეალიზებისთვის გამოიყენება უცხოეთიდან შემოსული ფინანსები, ხოლო მათი აზრით, კვალის დაფარვის მიზნით ხშირ შემთხვევაში იყენებენ კრიპტოვალუტას. კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შესახებ, უცხოელი ინსტრუქტორების მიერ, საქართველოში მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს ჩატარდა ტრენინგები, სადაც აქციის ორგანიზატორებმა მიიღეს ინსტრუქციები რადიკალური ქმედებების დაფინანსების ფარულად მიღების თაობაზე.

აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ხელშესაწყობად და წარმატების მისაღწევად მიიჩნევენ, რომ უნდა მოხდეს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომელთა პროვოცირება. უფრო მეტიც, დაინტერესებული მხარის მხრიდან ერთი გასროლაც კი გამოიწვევს პანიკას, ჭყლეტას და შესაბამისად დემონსტრანტთა შორის მძიმედ დაშავებულ პირებსა და მსხვერპლს. აქციის ორგანიზატორებისთვის სასურველია საპროტესტო აქციებს მოჰყვეს ადამიანური მსხვერპლი. მათი აზრით, აღნიშნული სავალალო შედეგები გაზრდის საპროტესტო მუხტს და რადიკალიზმს.

საპროტესტო აქციის ორგანიზატორების აგრესიის განსაკუთრებულ სამიზნეს წარმოადგენენ სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები. მათი დემორალიზების და პროვოცირების მიზნით გამოიყენება ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ მოწყობასთან დაკავშირებული ისეთი მეთოდები, როგორიც არის მათ მიმართ მუქარა, მოსყიდვა, საპროტესტო აქციის მონაწილეთა მხარეს მათი გადასვლის ინსცენირება, რაც საბოლოო ჯამში მიზნად ისახავს სახელმწიფო სტრუქტურების ჩამოშლას და ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობას.

მოვუწოდებთ საპროტესტო აქციებში მონაწილე ახალგაზრდებს, არ აჰყვნენ პროვოკაციებს, ხოლო ორგანიზატორებს მივმართავთ, რომ მათი დესტრუქციული გეგმების განხორციელების შემთხვევაში, სამართალდამცავი უწყებების მიერ, გატარდება მყისიერი სამართლებრივი ღონისძიებები, რათა არ მოხდეს მოვლენათა ესკალაცია, გამოირიცხოს ქვეყანაში არეულობა, სამოქალაქო დაპირისპირება და შენარჩუნებული იქნეს მშვიდობა“, - ნათქვამია სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.