თბილისი (GBC) - ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა საპატიმროდან გაგზავნილ ოპოზიციონერი პოლიტიკოსების წერილს ხუთშაბათს უპასუხა. წერილში, რომელიც 2025 წლის 22 სექტემბრით დათარიღებულ მიმართვას ეხმიანება, ევროკომისიის პრეზიდენტი საქართველოში არსებულ დემოკრატიულ უკუსვლასა და სავიზო ლიბერალიზაციის შესაძლო სრულ შეჩერებაზე საუბრობს.

ურსულა ფონ დერ ლაიენი განმარტავს, რომ ევროკავშირმა უკვე დაიწყო ვიზების შეჩერების მექანიზმის ფარგლებში შემდგომი ზომების პროცედურა. მიზეზად მმართველობის, კანონის უზენაესობისა და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით სისტემური და წინასწარგანზრახული უკუსვლა სახელდება.

პროცესი ორ ფაზად არის დაყოფილი:

  • პირველი ფაზა: გამარტივებული სავიზო რეჟიმი უკვე ნაწილობრივ შეჩერებულია და ის დიპლომატიური, სამსახურებრივი და ოფიციალური პასპორტების მფლობელებს ეხება.
  • მეორე ფაზა: თუ ხელისუფლების მიერ პრობლემების მოგვარება არ მოხდება, ვიზების შეჩერება შესაძლოა მთელ მოსახლეობაზე გავრცელდეს.

ევროკომისიის პრეზიდენტის წერილში ხაზგასმულია, რომ ევროკავშირი საქართველოდან ჟურნალისტების, აქტივისტებისა და უსამართლოდ დაკავებული პირების გათავისუფლებას მოითხოვს. რაც შეეხება ინდივიდუალურ სანქციებს, ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს შორის კონსენსუსი ჯერჯერობით მიღწეული არ არის, თუმცა მოლაპარაკებები გრძელდება. საუბარია იმ პირების დასანქცირებაზე, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დემოკრატიულ უკუსვლასა და ადამიანის უფლებების დარღვევებზე.

ევროკომისიის პრეზიდენტს წერილი საპატიმროდან ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა: ზურაბ ჯაფარიძემ, ელენე ხოშტარიამ, ნიკა გვარამიამ, ნიკა მელიამ, ლევან ხაბეიშვილმა, გიორგი ვაშაძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა და გივი თარგამაძემ გაუგზავნეს.

პასუხად ურსულა ფონ დერ ლაიენი აცხადებს, რომ ევროკავშირი ძალისხმევას არ დაიშურებს ქართველი ხალხის ევროპული მომავლისთვის, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებას ნეგატიური მოვლენების ფონზე მტკიცე რეაგირებისკენ მოუწოდებს.