თბილისი (GBC) – უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანდრეი სიბიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილისადმი გაგზავნილ წერილში წერს, რომ აფასებს საქართველოს მხარდაჭერას "უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეიარაღებული აგრესიის ფონზე". ამ წერილით სიბიგამ ქართველ კოლეგას მადლობა გადაუხადა უკრაინის დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის.
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოსა და უკრაინას შეუძლიათ ხელი შეუწყონ რეგიონში მშვიდობის დამყარებას.
„დარწმუნებული ვარ, რომ ერთად შეგვიძლია ხელი შევუწყოთ სამართლიანი და მდგრადი მშვიდობის დამყარებას შავი ზღვის რეგიონის საკეთილდღეოდ“, - ნათქვამია წერილში.
ასევე, წერილში საუბარია საერთაშორისო ფორმატებში თანამშრომლობაზეც:
„სუამ-ის ჩარჩოს ჩვენი მრავალმხრივი რეგიონული თანამშრომლობის ეფექტურ მექანიზმად მივიჩნევ და მოუთმენლად ველი სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს შემდეგ შეხვედრას, რომელიც გაერო-ს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის ფარგლებში გაიმართება”, - აღნიშნავს უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელი.
წერილის დასასრულს, ანდრეი სიბიგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს პროფესიულ საქმიანობაში წარმატებას უსურვებს, ხოლო ქართველ ხალხს - მშვიდობასა და კეთილდღეობას.
აღნიშნული წერილის შინაარსს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.