თბილისი (GBC) – საქსტატის მონაცემებით, შინამეურნეობებში საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენების 2025 წლის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ინტერნეტით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 92%, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.4 პ.პ.-ით აღემატება. ინტერნეტით უზრუნველყოფილი შინამეურნეობების წილი საქალაქო დასახლებებში 0.7 პ.პ.-ით გაიზარდა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 0.1 პ.პ.-ით და შესაბამისად, 95.2 და 87.6% შეადგინა.
რეგიონების მიხედვით ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად, 96.9 და 94.5% შეადგინა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ბოლო 3 თვის განმავლობაში ინტერნეტით ისარგებლა 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9%-მა, რაც 3.2 პ.პ.-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. საქალაქო დასახლებებში აღნიშნული მაჩვენებელი 91.6%-ით, ხოლო სასოფლო დასახლებებში 81.8%-ით განისაზღვრა. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 88.2%-ს, ხოლო კაცების შემთხვევაში 87.6%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, ამ მაჩვენებლის მნიშვნელობა ყველაზე მაღალია 15-29 წლის მოსახლეობაში და 99%-ს შეადგენს.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია 6 წლის და უფროსი ასაკის იმ მოსახლეობის პროცენტული წილი, რომლებმაც ბოლო 3 თვის განმავლობაში გამოიყენეს ინტერნეტი.
15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობიდან, რომლებიც ბოლო 3 თვის განმავლობაში სარგებლობდნენ ინტერნეტით, 95.4% ინტერნეტს ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე იყენებდა, 4.3% - კვირაში ერთხელ მაინც (მაგრამ არა ყოველდღე), 0.4% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო სამ თვეში ინტერნეტის მომხმარებელ მოსახლეობაში, ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.2%), სოციალური ქსელების გამოყენება (96%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55.7%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (52.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (47.7%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (45.3%), ელფოსტის მიღება/გაგზავნა (38.5%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (13.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11%).
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 12 თვეში ინტერნეტის მომხმარებელი მოსახლეობის 37.4%-მა ინტერნეტის მეშვეობით შეიძინა ან შეუკვეთა საქონელი ან მომსახურება. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავდება დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში - 43.4%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 26.1 პროცენტი. სქესის მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები ქალებისათვის 41%-ს, კაცებისათვის კი 33.3%-ს შეადგენს. ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით მაჩვენებლის მნიშვნელობები განსხვავებულია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობაში - 61.1%, 30-59 წლის ასაკის მოსახლეობაში - 38.3%, ხოლო 60 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობაში - 15.3%-ია.
15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში ინტერნეტის მომხმარებელთა 99.5%-მა გამოიყენა მობილური მოწყობილობა (მობილური ტელეფონი, ლეპტოპი, პლანშეტი და ა.შ.) უსადენო ინტერნეტთან დასაკავშირებლად. აღნიშნული მაჩვენებელი ქალებისათვის 99.6%-ს, ხოლო კაცებისათვის - 99.5%-ს შეადგენს.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, კომპიუტერით უზრუნველყოფილია შინამეურნეობების 58.8%. აღნიშნული მაჩვენებლის მნიშვნელობამ საქალაქო დასახლებებში 67.2% შეადგინა, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 47.2%. რეგიონების მიხედვით ეს მაჩვენებელი ყველაზე მაღალი თბილისსა და აჭარის ა.რ.-ში დაფიქსირდა და შესაბამისად - 70.9 და 69% შეადგინა.
6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 49.5%-მა ისარგებლა კომპიუტერით ბოლო 3 თვის განმავლობაში. აღნიშნული მაჩვენებელი განსხვავებულია დასახლების ტიპის მიხედვით: საქალაქო დასახლებებში 58.2%-ია, ხოლო სასოფლო დასახლებებში - 34.9%. ეს მაჩვენებელი ქალების შემთხვევაში 49.5%-ს შეადგენს, ხოლო კაცების შემთხვევაში - 49.4%-ს.
ასაკობრივი ჯგუფების მიხედვით, კომპიუტერის მომხმარებელთა ყველაზე მაღალი წილი 6-14 წლის მოსახლეობაში დაფიქსირდა და 87.6% შეადგინა. 15 წლის და უფროსი ასაკის, ბოლო 3 თვეში კომპიუტერის მომხმარებელთა 71.4% კომპიუტერით ყოველდღე ან თითქმის ყოველდღე სარგებლობდა, 19.9% - კვირაში ერთხელ მაინც, 8.7% კი - უფრო იშვიათად, ვიდრე კვირაში ერთხელ.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 92.7% ფლობს მობილურ ტელეფონს, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 1.9 პ.პ.-ით მეტია. ამასთან, აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 1.5 პ.პ.-ით, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 2.4 პ.პ.-ით გაიზარდა და შესაბამისად 94.8 და 89.1% შეადგინა.