თბილისი (GBC) – საქსტატის დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 2 612 ეკონომიკური სუბიექტი, რომლებიც ფლობდნენ 2 662 სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებას (ადგილობრივი ერთეულებისა და ფილიალების ჩათვლით). აღნიშნული მაჩვენებელი 7%-ით მეტია 2023 წელთან შედარებით.
საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება ფუნქციონირებდა თბილისსა (22.5%) და აჭარის ა/რ-ში (20.5%).
დიაგრამა ასახავს სასტუმროების რაოდენობის განაწილებას რეგიონების მიხედვით.
სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას წარმოადგენდა „ინდივიდუალური მეწარმე“, რომელიც შეადგენდა 2024 წელს მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 62.9%-ს.
სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.8% კერძო საკუთრებაში იყო, ხოლო 0.2% - სახელმწიფო საკუთრებაში.
2024 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროებისა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 3 610.5 ათას კვადრატულ მეტრს (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.4%-ით მეტს) შეადგენდა, საიდანაც უშუალოდ ნომრების საცხოვრებელი ფართი 1 616.5 ათასი კვადრატული მეტრი იყო (2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 4.1%-ით მეტი).
საქსტატის მონაცემებით, 2024 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 113.5 ათასი შეადგინა, რაც 5.3%-ით მეტია 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე. ნომრების საერთო რაოდენობა 2024 წელს წინა წელთან შედარებით 2.1%-ით გაიზარდა და 51.2 ათასი შეადგინა.
2024 წელს საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 5.8 მილიონ სტუმარს მოემსახურა, რაც 16.5%-ით მეტია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე. სტუმართა 63.5%-ს უცხოელები შეადგენდნენ და მათი უმეტესობა, 549.9 ათასი (სტუმრების ჯამური რაოდენობის 14.9%), ისრაელის მოქალაქე იყო, რაც 2023 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 57.4%-ით მეტია. ევროკავშირის მოქალაქეები, რომელთა უმეტესობა გერმანიისა (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 30.6%) და პოლონეთის (ევროკავშირის მოქალაქე სტუმრების 20.8%) მოქალაქეები იყვნენ, უცხოელი სტუმრების მთლიანი რაოდენობის 8.2%-ს შეადგენდნენ.
2024 წელს საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებს უმეტესად სტუმრობდნენ დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით (89.8%).
სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასვენებისა და რეკრეაციის მიზნით განთავსებული უცხოელი სტუმრების უმეტესობას ისრაელისა და რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები წარმოადგენდნენ (შესაბამისად, 15.4 და 14.7 %).
2024 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 29 082 ადამიანი, რომელთა უმეტესობას (53.3%-ს) ქალები წარმოადგენდნენ.