თბილისი (GBC) – რუსეთის უშიშროების საბჭოს ოთხშაბათის სხდომაზე სომხეთის საგარეო პოლიტიკური კურსი მწვავედ გააკრიტიკეს და ერევანი მოსკოვთან მოკავშირეობრივი ურთიერთობებისგან დისტანცირებასა და დასავლეთთან დაახლოებაში დაადანაშაულეს. რუსეთის მთავარი პრეტენზიები უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შოიგუმ სპეციალური სამუშაო ჯგუფის სხდომაზე გააჟღერა. ამის შესახებ რუსული გამოცემა „კომერსანტი“ წერს. 

მოსკოვის პრეტენზიები

შოიგუს განცხადებით, რუსეთი უკმაყოფილოა სომხეთის ევროკავშირთან ინტეგრაციის კურსით, ასევე აშშ-სა და ბრიტანეთთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებით.

„საკანონმდებლო დონეზე დამტკიცდა სომხეთის ევროკავშირში გაწევრიანების კურსი“, — განაცხადა მან და აღნიშნა, რომ ევროკავშირთან დაახლოება შესაძლოა ეწინააღმდეგებოდეს ერევნის ვალდებულებებს ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში.

შოიგუმ ასევე გააკრიტიკა სომხეთის მონაწილეობა დასავლეთის ქვეყნებთან ერთობლივ სამხედრო სწავლებებში და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთან მიერთება.

მან ყურადღება გაამახვილა ერევანში ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ჩატარებაზე და განაცხადა, რომ „კიევის რეჟიმს რუსეთის წინააღმდეგ მუქარებისთვის ტრიბუნა მიეცა“.

მოსკოვმა სომხეთს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება შეახსენა

გამოსვლისას შოიგუმ დეტალურად ჩამოთვალა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები და ფაქტობრივად მიანიშნა შესაძლო შედეგებზე, თუ სომხეთი მოსკოვთან ურთიერთობების გაციებას გააგრძელებს.

მისი თქმით:

· რუსეთის წილი სომხეთის საგარეო ვაჭრობაში 36%-ს შეადგენს;

· რუსული გაზი სომხეთს შეღავათიან ფასად მიეწოდება;

· სომხეთის სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის 98%-მდე რუსულ ბაზარზე მოდის;

· რუსეთიდან ფულადი გზავნილების მოცულობამ 2025 წელს თითქმის 3,9 მილიარდ დოლარს მიაღწია.

„თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობა ორმხრივი უნდა იყოს“, — განაცხადა შოიგუმ.

„ორ სკამზე ერთდროულად ვერ დაჯდები“

შეხვედრის დახურული ნაწილის შემდეგ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხაილ გალუზინმა განაცხადა, რომ მოსკოვი შეუძლებლად მიიჩნევს სომხეთის მიერ ერთდროულად ევრაზიულ ეკონომიკურ კავშირში წევრობის შენარჩუნებას და ევროკავშირში ინტეგრაციის კურსს.

„სომხეთს ერთდროულად ორ ქორწილში ცეკვა არ გამოუვა“, — თქვა გალუზინმა.

მისივე თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ დასავლეთი სომხეთის გამოყენებას ცდილობს რუსეთის წინააღმდეგ, ისევე როგორც ადრე უკრაინისა და მოლდოვის შემთხვევაში.

ფაშინიანი რუსეთთან ურთიერთობების გაფუჭებას არ გეგმავს

ამ ფონზე, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა, საპარლამენტო არჩევნების წინ, განაცხადა, რომ მოსკოვთან ურთიერთობების გამწვავებას არ აპირებს.

„რუსეთთან ურთიერთობებში არ გადავდგამთ მკვეთრ ნაბიჯებს“, — აღნიშნა ფაშინიანმა.

მისივე თქმით, ის პატივს სცემს რუსეთის ინტერესებს, თუმცა სომხეთის საგარეო პოლიტიკა პირველ რიგში ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს უნდა ეფუძნებოდეს.