თბილისი (GBC) – ევროკავშირმა ანტირუსული სანქციების მეჩვიდმეტე პაკეტი დაამტკიცა, განაცხადა საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან–ნოელ ბარომ ოთხშაბათს ტელეარხის BFM ეთერში. ევროპელმა დიპლომატებმა თქვეს, რომ „შავ სიაში“ მოხვდა რუსეთის ჩრდილოვანი ფლოტის დაახლოებით 200 ტანკერი.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობებმა ამ სანქციების დეტალებთან დაკავშირებით დამატებითი კონსულტაციები უნდა გაიარონ პარლამენტებთან, თუმცა მოსალოდნელია, რომ საგარეო საქმეთა მინისტრები მომდევნო კვირაში დაამტკიცებენ დოკუმენტს, – წერს სააგენტო REUTERS ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.

ტანკერების გარდა, რომლებიც რუსეთიდან ნავთობს ეზიდებიან, ახალი სანქციები შეეხება 30 კომპანიას, რომლებიც ორმაგი დანიშნულების საქონლით ვაჭრობაში მონაწილეობენ. შეზღუდვები შეეხება ასევე 75 ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომლებიც რუსეთის სამხედრო–სამრეწველო კომპლექსთან არიან დაკავშირებული.

სააგენტოს წყაროების ცნობით, დიპლომატები ასევე შეთანხმდნენ იმ ქიმიური ნივთიერებების ექსპორტის აკრძალვაზე, რომლებიც საბრძოლო რაკეტების საწარმოებლად გამოიყენება.

ბარომ ასევე დასძინა, რომ ევროკავშირი ვაშინგტონთან კოორდინირებით გააგრძელებს მოსკოვის წინააღმდეგ უფრო მკაცრი ზომების შემუშავებას.