თბილისი (GBC) – აშშ–ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას მიმდინარე კვირაში განიხილავს, უკრაინაში კონფლიქტის გაჭიანურებისა და რუსეთის მიერ იერიშების გააქტიურების გამო. ამის შესახებ გამოცემა Wall Street Journal ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს. ერთ–ერთი წყაროს თქმით, შეზღუდვები, დიდი ალბათობით, რუსულ ბანკებს არ შეეხება. თუმცა, რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე ზეწოლის სხვა ვარიანტები განიხილება, რომელთა მეშვეობით ფიქრობენ პუტინის მოლაპარაკებათა მაგიდასთან დასმას და 30 დღით ცეცხლის შეწყვეტაზე მის დათანხმებას.
გამოცემის წყაროები არც იმას გამორიცხავენ, რომ ტრამპმა რუსეთზე ზეწოლის გაძლიერება გადაიფიქროს. მეტიც, წყაროების თქმით, ტრამპი დაიღალა უკრაინის თემაზე მოლაპარაკებებით და ამ პროცესიდან გასვლასაც განიხილავს.
ტრამპმა 25 მაისს განაცხადა, რომ აუცილებლად განიხილავს რუსეთისთვის სანქციების დაწესებას. მისი თქმით, პუტინი „სულ გაგიჟდა“ და „ყოველგვარი აუცილებლობის გარეშე კლავს უამრავ ადამიანს“ უკრაინაში მასირებული სარაკეტო დარტყმებით. „მე ყოველთვის ვამბობდი, რომ მას მთლიანი უკრაინა უნდა, და არა მისი ნაწილი და ეს დასტურდება. თუ ამას მიაღწევს, ეს იქნება რუსეთის დაცემა“, – წერდა ტრამპი სოციალურ ქსელში Truth Social. ამასთან, მან უკრაინის პრეზიდენტიც გააკრიტიკა. მისი თქმით, ვოლოდიმირ ზელენსკი თავისი გამონათქვამებით კიევს მოლაპარაკებების პროცესში პრობლემებს უქმნის. „მე ეს არ მომწონს და ეს უნდა დასრულდეს“, – აღნიშნა ტრამპმა.