თბილისი (GBC) - ბიზნესცენტრ „დელისის“ შენობიდან ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტებისა და სხვა თანამშრომლების ევაკუაცია წარმატებით დასრულდა. მეხანძრე-მაშველებმა შენობიდან ადამიანების გამოყვანის პროცესი რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს.
ტელეკომპანიის თანამშრომლების განცხადებით, სახანძრო-სამაშველო ჯგუფებმა მე-17 სართულზე მყოფ ადამიანებს შენობა ნაწილ-ნაწილ, საევაკუაციო კიბეების გამოყენებით დაატოვებინეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა შენობაში კვლავ ძლიერი დაკვამლიანება რჩება. არსებული ცნობით, დაკვამლიანება ბიზნესცენტრის მე-5 სართულიდან გავრცელდა, რამაც ზედა სართულები, მათ შორის „ფორმულას“ სტუდიები და ნიუსრუმი მოიცვა.
ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ეკიპაჟები და მიმდინარეობს შესაბამისი უსაფრთხოების სამუშაოები.
