თბილისი (GBC) – ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებთან ერთად ჩატარებული ღონისძიების შედეგად, ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული  ნივთიერების შემცველი მედიკამენტების საქართველოს ტერიტორიაზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით  უკანონო შემოტანის მცდელობის  ფაქტი აღკვეთეს.

,,სარფის" საბაჟო გამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, უცხო ქვეყნის მოქალაქის, როგორც ფიზიკური, ასევე ხელბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად,  საერთო ჯამში, 979 აბი  ნარკოტიკული საშუალება ,,მდმა" და ფსიქოტროპული ნივთიერების (,,პრეგაბალინი") შემცველი 47 კაფსული მედიკამენტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევ მოქალაქეს, 2 შეფუთვად დაფასოებული აკრძალული საშუალებები სხეულის სხვადასხვა ადგილას მალულად ჰქონდა განთავსებული.

საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს გადაეცა.