თბილისი (GBC) - ჯანდაცვის მინისტრის, მიხეილ სარჯველაძის 31 ივლისის ბრძანების თანახმად, უმცროსი ექიმები, რომლებსაც რეზიდენტურა არ გაუვლიათ, მაგრამ აქვთ, სულ მცირე, რეზიდენტურის პროგრამისთვის გათვალისწინებული სამუშაო გამოცდილება, სასერტიფიკაციო გამოცდაზე დაიშვებიან.

სარჯველაძის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტმა 30 ივნისს დაამტკიცა.

ჯანდაცვის მინისტრის ბრძანება „ეხება უმცროს ექიმებს, ვისაც ჩაბარებული აქვთ ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადით მუშაობენ დეფიციტურ საექიმო სპეციალობებში”.

ბრძანების თანახმად, სასერტიფიკაციო გამოცდაზე გასვლა შეუძლიათ იმ უმცროს ექიმებს, რომლებსაც:

ა) ჩაბარებული აქვს ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდა და მოპოვებული აქვს საექიმო საქმიანობის მაძიებლის მოწმობა;

ბ) სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდაზე რეგისტრაციის დროისთვის აქვს დეფიციტურ საექიმო სპეციალობაში უმცროს ექიმად მუშაობის არანაკლებ ამ საექიმო სპეციალობის რეზიდენტურის პროგრამით განსაზღვრული ვადის ხანგრძლივობის სტაჟი შესაბამისი საქმიანობის უფლების მქონე სამედიცინო დაწესებულებაში.

ჯანდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ უწყებამ დეფიციტური სპეციალობების ნუსხა განსაზღვრა „დეტალური მონაცემთა ანალიზის საფუძველზე განსაზღვრეს, სადაც გათვალისწინებულია ექიმთა სერტიფიკატები, დასაქმების ფაქტობრივი მაჩვენებლები, ასაკობრივი და გეოგრაფიული განაწილება, რეზიდენტურაში სწავლის მონაცემები და სხვა”.

თავად მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ ბრძანება დაახლოებით 800 უმცროს ექიმს ეხება.

მინისტრის ბრძანების თანახმად, დეფიციტურ საექიმო სპეციალობათა ნუსხა ასეთია:

  • ფსიქიატრია
  • რადიაციული ონკოლოგია
  • ბავშვთა გასტროენტეროლოგია
  • პათოლოგიური ანატომია-კლინიკური პათოლოგია
  • ბირთვული მედიცინა
  • კარდიოქირურგია
  • ნეიროქირურგია
  • ანესთეზიოლოგია და რეანიმატოლოგია
  • ნეფროლოგია
  • გადაუდებელი მედიცინა
  • ბავშვთა გადაუდებელი მედიცინა
  • ბავშვთა ინფექციური სნეულებები
  • ბავშვთა ფთიზიატრია-პულმონოლოგია
  • ბავშვთა ჰემატოლოგია/ტრანსფუზიოლოგია
  • პლასტიკური და რეკონსტრუქციული ქირურგია
  • ფიზიკური მედიცინა, რეაბილიტაცია და კურორტოლოგია
  • რევმატოლოგია
  • სასამართლო მედიცინა