თბილისი (GBC) - თბილისში, „სადგურის მოედნის” მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსის ბოლო სართული ჩამოინგრა. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, ასევე სასწრაფო და სამაშველო სამსახურის ბრიგადები. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, არის მსხვერპლი.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომხდარს ეხმაურება და წერს, რომ მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან "მყისიერად განახორციელეს" მოქალაქეების ევაკუაცია.
უწყების თქმით, მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, თბილისში, „სადგურის მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მომხდარი ნგრევის შესახებ შეტყობინების მიღებისთანავე, მოხდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა და საპოლიციო ძალების მობილიზება.
ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან მყისიერად განახორციელეს მოქალაქეების ევაკუაცია.
მიმდინარეობს ტერიტორიის ნანგრევებისგან გაწმენდა და აქტიური საძიებო-სამაშველო ღონისძიებები. ადგილზე იმყოფებიან სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, ასევე, ადგილზე მყოფ ყველა მედიასაშუალების წარმომადგენელს, დაემორჩილონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მითითებებს და დაიცვან უსაფრთხოების ნორმები”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
განახლება
ნანგრევებიდან მაშველებმა ერთი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს.
ადგილზე მყოფი მოქალაქეები აცხადებენ, რომ ნანგრევებში კიდევ რჩებიან ადამიანები.
თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ დაინახეს, მინიმუმ სამი ადამიანი, რომელიც მოჰყვა ნანგრევებში.