თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025 წლის ივნისში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ საქართველოში -0.01%, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 4% შეადგინა. რაც შეეხება საბაზო ინფლაციას, აღნიშნულმა მაჩვენებელმა 2025 წლის ივნისში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.4% შეადგინა, ხოლო თამბაქოს გარეშე წლიური საბაზო ინფლაციის მაჩვენებელი 2.2%-ით განისაზღვრა.

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში წინა თვესთან შედარებით.

ყოველთვიური ინფლაციის მაჩვენებლის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები შემცირდა 0.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.15 პ.პ.-ით აისახა. აღნიშნულ პერიოდში ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (-8.4%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (-0.9%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (-0.3%). ამასთან, ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: თევზეული (1.9%), ხილი და ყურძენი (1.2%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.8%), რძე, ყველი და კვერცხი (0.7%), ზეთი და ცხიმი (0.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (0.5%), პური და პურპროდუქტები (0.5%);

ტანსაცმელი და ფეხსაცმელი: ჯგუფში ფასები შემცირდა 1.4%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.07 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირებულია როგორც ფეხსაცმლის (-3.9%), ისე ტანსაცმლის (-0.2%) ქვეჯგუფებზე;

ტრანსპორტი: ფასები შემცირდა 0.6%-ით, რაც თვის ინფლაციაზე -0.06 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციასა (-0.9%) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (-0.5%). ამასთან, ფასები გაზრდილია სატრანსპორტო მომსახურებაზე (0.6%);

ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 2.2%-ით. შესაბამისად, ჯგუფის წვლილმა თვის ინდექსში 0.14 პ.პ. შეადგინა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (2.8%), ისე თამბაქოს ნაწარმზე (1.5%).

ქვემოთ მოცემულ ცხრილში წარმოდგენილია სამომხმარებლო კალათაში შემავალი საქონლისა და მომსახურების ჯგუფების ფასების პროცენტული ცვლილება და შესაბამისი წვლილი 2025 წლის ივნისის წლიური ინფლაციის მთლიან მაჩვენებელში.

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე:

სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 10.1%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 3.34 პ.პ.-ით აისახა. ფასები მომატებულია ქვეჯგუფებზე: ბოსტნეული და ბაღჩეული (26.3%), ზეთი და ცხიმი (20.6%), ყავა, ჩაი და კაკაო (15.4%), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (10.3%), პური და პურპროდუქტები (9.6%), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (8.7%), თევზეული (7.9%), რძე, ყველი და კვერცხი (7.1%), ხორცი და ხორცის პროდუქტები (3.6%), ხილი და ყურძენი (2.7%);

ჯანმრთელობის დაცვა: ჯგუფში ფასები მომატებულია 9.4%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.79 პ.პ.-ით აისახა. ფასები გაიზარდა ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (10.4%), საავადმყოფოების მომსახურების (9.2%) და სამედიცინო პროდუქციის, აპარატურის და მოწყობილობის (8.4%) ქვეჯგუფებზე;

სხვადასხვა საქონელი და მომსახურება: ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.7%-ით, რაც 0.33 პ.პ.-ით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები, ძირითადად, მომატებულია ქვეჯგუფებზე: პირადი ნივთები, სხვა კატეგორიებში ჩაურთველი (18.2%), დაზღვევა (8.7%), საფინანსო მომსახურება (5.4%), პირადი ჰიგიენა (4.7%);

ტრანსპორტი: ჯგუფში ფასები შემცირდა 5.3%-ით, რაც წლიურ ინფლაციაზე -0.64 პ.პ.-ით აისახა. ფასები შემცირდა პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (-8.1%) და სატრანსპორტო მომსახურებაზე (-0.8%).