თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, საქართველოში ელექტროენერგიის წარმოება 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, 1.1%-ით შემცირდა და 14 234.1 მილიონი კვტ/სთ შეადგინა.
2024 წლის განმავლობაში მოპოვებულ იქნა 35.8 ათასი ტონა ნედლი ნავთობი (წინა წელთან შედარებით 8%-ით ნაკლები), 177.8 ათასი ტონა ქვანახშირი (წინა წელთან შედარებით 20.1%-ით მეტი) და 15.9 მილიონი მ³ ბუნებრივი გაზი (წინა წელთან შედარებით 3%-ით ნაკლები).
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს, წინა წელთან შედარებით, შეშის წარმოება შემცირდა 7.2%-ით და 1 034.6 ათასი მ³ შეადგინა.
ქვემოთ მოცემული დიაგრამა ასახავს საქართველოში 2024 წელს წარმოებული ენერგორესურსების სტრუქტურას, გაანგარიშებულს ათასი ტონა ნავთობის ეკვივალენტში. წარმოების სტრუქტურაში უდიდესი წილი (77.4%) მოდის ელექტროენერგიაზე, მეორე ადგილს იკავებს ბიოსაწვავი და ნარჩენებისგან წარმოებული ენერგია (12.3%), რომელიც ძირითადად წარმოდგენილია შეშის სახით, ხოლო დანარჩენი სახეობის ენერგორესურსები სტრუქტურაში შედარებით დაბალი წილით ხასიათდება.

2024 წელს ელექტროენერგიის საბოლოო მოხმარებამ 13 006.1 მილიონი კილოვატ-საათი შეადგინა, რაც 6%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
2024 წლის მონაცემებით, ბუნებრივ გაზზე მოთხოვნის მოცულობამ შეადგინა 3 404.3 მილიონი მ³ (წინა წელთან შედარებით 1.1%-ით მეტი), ხოლო ბუნებრივი გაზის საბოლოო მოხმარებამ ამავე პერიოდში 2 711.2 მილიონი მ³ შეადგინა, რაც 7.7%-ით მეტია წინა წლის მაჩვენებელზე.
2023 წელთან შედარებით, ბუნებრივი გაზის მოხმარება გაიზარდა მრეწველობის ცალკეულ დარგებში, მომსახურების და სოფლის მეურნეობის დარგში, კლება კი დაფიქსირდა საგზაო ტრანსპორტში.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2024 წელს ქვეყანაში მოხმარებულია 1 578.6 ათასი ტონა ნავთობპროდუქტი (წინა წელთან შედარებით 8.4%-ით მეტი).
ენერგორესურსების მოხმარების სტრუქტურაში 42.4% მოდის ბუნებრივ გაზზე, შედარებით მაღალი წილით ხასიათდება აგრეთვე ნავთობპროდუქტები (29.6%) და ელექტროენერგია (20.5%), 3.5%-ს შეადგენს ქვანახშირი, ხოლო დარჩენილი 4% მოდის ბიოსაწვავზე, გეოთერმულ და მზის ენერგიაზე.
საქსტატის 2024 წლის ენერგორესურსების მოხმარების სექტორული ანალიზი გვიჩვენებს, რომ ენერგორესურსების ყველაზე დიდი მომხმარებელია ტრანსპორტის და შინამეურნეობების სექტორები, რომლებზეც მოდის მთლიანი მოხმარების, შესაბამისად 33 და 31.9%. რაც შეეხება სხვა დარგებს, 15.3% — მრეწველობის, 4.3% — მშენებლობის, 0.6% — სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობის დარგებზე, ხოლო დარჩენილი 14.9% კი კერძო და სახელმწიფო მომსახურებაზე და სხვა მომხმარებლებზე ნაწილდება.
