თბილისი (GBC) - „თიბისი კაპიტალის“ ლუდისა და უალკოჰოლო სასმელების სექტორის კვლევაში აღნიშნულია, რომ "ლუდის ადგილობრივი მოხმარება ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში იზრდება და 2024 წელს ახალ მაქსიმუმს მიაღწია" და 138 მლნ ლიტრი შეადგინა.

"თიბისი კაპიტალი" ვარაუდობს, რომ  FMCG და HORECA ინდუსტრიებში, მომდევნო წლების განმავლობაში მდგრადი ზრდის ტემპების შენარჩუნებაა მოსალოდნელი.

„მიუხედავად იმისა, რომ 2024 წელს ადგილობრივი ლუდის წარმოების მოცულობა ძირითადად უცვლელად შენარჩუნდა, ფასების ცვლილებამ მნიშვნელოვნად გაზარდა წარმოებული პროდუქციის ღირებულება.

წლიურ მაჩვენებლებში ასევე ჩანს იმპორტირებულ ლუდზე გაზრდილი მოთხოვნა.

გაზრდილი შიდა მოთხოვნა, განსაკუთრებით იმპორტირებულ ლუდზე, იმპორტის მნიშვნელოვან ზრდასა და ექსპორტის შემცირებაში გამოიხატება", - ნათქვამია კვლევაში.

უფრო დეტალურად, კვლევის მიხედვით, 2024 წელს საქართველოში ლუდის ადგილობრივი წარმოება წინა წელთან შედარებით 1%-ით გაიზარდა და 127 მლნ ლიტრი შეადგინა, საშუალო ფასი ლიტრზე კი 2.8 ლარი იყო. რაც შეეხება მოხმარებას, კვლევის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს 138 მლნ ლიტრი ლუდი დაილია, აქედან 87% ადგილობრივ წარმოებაზე მოდის და მხოლოდ 13% იმპორტირებულზე. 2023 წელს მოხმარება 125 მილიონი ლირი იყო, საიდანაც იმპორტირებულზე 10% მოდიოდა.

ამასთან, „თიბისი კაპიტალის“ მიხედვით, იმპორტმა გასულ წელს 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 3.8 ათასი ტონით მეტია 2023 წელთან შედარებით. ექსპორტის მაჩვენებელი კი ათასი ტონით, 6.9 ათასი ტონიდა, 5.9 ათას ტონამდე შემცირდა.