თბილისი (GBC) - საქსტატის მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოში 2 292 ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (სკოლა) იყო, მათ შორის 2 086 საჯარო და 206 კერძო. წინა სასწავლო წელთან შედარებით, ქვეყანაში არსებული სკოლების რაოდენობა 2 ერთეულით შემცირდა. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სკოლა (17.1%) იმერეთში ფიქსირდება.

2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში 644.2 ათასი მოსწავლე სწავლობდა, რაც წინა სასწავლო წლის მაჩვენებელს 0.6%-ით აღემატება. საჯარო სკოლებში მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობის 88.8% სწავლობს, ხოლო კერძო სკოლებში - 11.2%. მოსწავლეთა საერთო რიცხოვნობიდან 48.4% გოგოა, ხოლო 51.6% - ბიჭი.

რეგიონებს შორის, ყველაზე მეტი მოსწავლე (36%) თბილისში სწავლობს.

2025 წელს საშუალო განათლება მიიღო 41.4 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.8%-ით ნაკლებია. დაწყებითი განათლება მიიღო 55 ათასმა მოსწავლემ, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 1.8%-ით ნაკლებია.

საქსტატის მონაცემებით, 2025-2026 სასწავლო წლის დასაწყისისთვის, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებული იყო 66.3 ათასი მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 0.5%-ით აღემატება. მასწავლებელთა დიდ უმრავლესობას ქალები შეადგენენ, კერძოდ, მასწავლებლების 87.6% ქალია, ხოლო 12.4% კაცი.